ახალი ვარიანტი რაულისთვის - სანტი დენია გადადგა
რაული ესპანეთის 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის უპირველესი კანდიდატია. ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „რეალისა“ და მთლიანად პირენეული ფეხბურთის ლეგენდასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მისი დანიშვნა ოფიციალურად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური სანტი დენიას გადადგომის შემდეგ გახდა, რომელსაც წასვლა ევროპის ჩემპიონატამდეც ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა სლოვაკეთში მიმდინარე ტურნირზე ინგლისელებთან განცდილმა მარცხმა მოვლენები კიდევ უფრო დააჩქარა. თავად გონსალეს ბლანკო ახალგაზრდულ „ფურია როხაში“ დანიშვნას დიდი ენთუზიაზმით ხვდება, რადგან თუ გაცემულ ავანსებს გაამართლებს, შესაძლოა მომავალში მთავარი ოცნების ასრულებისა და ეროვნული გუნდის ჩაბარების საშუალება მიეცეს.
რაულის სამწვრთნელო კარიერაში ერთადერთი გუნდი ჯერჯერობით „რეალ მადრიდ კასტილია“ გახლდათ, რომელსაც 2019 წლის 20 ივნისიდან 2025 წლის 27 მაისამდე ამზადებდა და მისი ხელმძღვანელობით გამართული 209 მატჩიდან ფეხბურთელებმა 82 მოიგეს, 70 ფრედ დაასრულეს და 57-ში დამარცხდნენ.