„ვუთხარი ლაჩარი ხარ-მეთქი, რასიზმი არ ყოფილა“ | რა მოხდა რუდიგერსა და კაბრალს შორის
მადრიდის „რეალმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. „სამეფო კლუბი“ „პაჩუკას“ დაუპირისპირდა და ჯუდ ბელინგემის, არდა გიულერისა და ფედე ვალვერდეს გოლებით 3:1 მოიგო, თუმცა შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია.
93-ე წუთზე, ანტონიო რუდიგერი გუსტავო კაბრალთან ორთაბრძოლის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში წაიქცა. გერმანელმა მცველმა პენალტი მოითხოვა, რასაც მისი და კაბრალის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ამის შემდეგ, რუდიგერი მთავარ არბიტრთან მივიდა და 95-ე წუთზე, მსაჯმა ანტირასისტული პროტოკოლი აამოქმედა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა.
შეხვედრის შემდეგ, კაბრალმა რუდიგერთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მხრიდან, რასისტული შინაარსის შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია: „არაფერი რასისტული არ ყოფილა. როგორც არგენტინაში ვამბობთ ხოლმე, მას ნაგავი ლაჩარი ვუწოდე. სულ ესაა.
მთავარმა არბიტრმა ანტირასისტული პროტოკოლი ჩართო, მაგრამ ერთსა და იმავეს ვიმეორებდი და ვამბობდი, ნაგავი ლაჩარი ხარ-მეთქი. რუდიგერმა მითხრა, გარეთ დაგელოდებიო და ჩხუბის გამომხატველ ჟესტებს აკეთებდა. მეც გაბრაზებული ვიყავი, გვირაბში ვიკამათეთ კიდეც, მაგრამ მეტი არაფერი მომხდარა“.
ცნობისთვის, „რეალისა“ და „პაჩუკას“ მატჩის შემდეგ, ინციდენტზე „ბლანკოსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომაც ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ის და მისი გუნდი რუდიგერს მხარს უჭერენ და მისი ბოლომდე სჯერათ.