„რთული თამაში გველოდება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი „სიეტლ საუნდერსს“ დაუპირისპირდება და ენრიკემ მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ტურნირის საუკეთესო ფაზაში შევდივართ, რადგან მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება გვესაჭიროება და ეს მოტივაციის წყაროა. სიეტლთან მატჩისთვის მზად ვართ. ბოტაფოგოსთან შეხვედრას რაც შეეხება, ჩვენს სტილში ვითამაშეთ. წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთი სპორტია და მარცხი უნდა მივიღოთ. ბოტაფოგომ თავი შესანიშნავად დაიცვა და ძალიან გაგვიჭირდა.
როგორც გუნდი, მშვენიერ ფორმაში ვართ და ჩვენთვის დამახასიათებელი მენტალიტეტი გვაქვს. სამი ძალიან კარგი და ინტენსიური ვარჯიში გვქონდა. ვფიქრობ, ბოლომდე მზად ვართ და ხვალ კარგად ვითამაშებთ. მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება, რადგან თუ ვერ მოვიგეთ, შესაძლოა, ტურნირს დავემშვიდობოთ. გვინდა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობა გავაგრძელოთ. თუ ჯგუფიდან გავალთ, პარი სენ-ჟერმენის უკეთეს ვერსიას იხილავთ.
ვიცით, რომ რთული თამაში გველოდება. სიეტლში ყოფნით ბედნიერი ვარ. საოცარი სტადიონია და ხვალ ფანტასტიკურ მატჩს იხილავთ. ორივე გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა სურს და ჯგუფში ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ასეთ ტურნირებზე, ბევრი რამ მესამე მატჩში წყდება და უნდა გვქონდეს დამოკიდებულება, რომ შესაძლოა, ყველა შეხვედრა უკანასკნელი აღმოჩნდეს.
ბოლო მატჩების დეტალური ანალიზი გავაკეთეთ. ჩვენთან თამაშისას, გუნდების უმრავლესობა ადაპტაციას გადის და ცდილობს, თავი მაქსიმალურად კარგად დაიცვას. არაპროგნოზირებადი მატჩი იქნება და ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ჩვენი მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა. ყველა ინგრედიენტი გვაქვს, რათა ბრწყინვალე მატჩი ჩავატაროთ”.
ცნობისთვის, „სიეტლისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-დან დაიწყება. პსჟ-ს 3 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზე იმყოფება.