დონარუმა: “მინდა თვალებში შეგხედოთ და ისე დაგემშვიდობოთ“
ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პარი სენ ჟერმენს დატოვებდა.
როგორც ჩანს, ეს ფაქტი გარდაუვალია. ჯიჯომ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც გულშემატკივრებს ემშვიდობება.
დონარუმა:
„პარიზის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს..
პირველი დღიდან, რაც აქ მოვედი, ყველაფერს ვდებდი — მოედანზეც და მის გარეთაც იმისთვის, რომ დამემსახურებინა ადგილი და დამეცვა „პარი სენ-ჟერმენის“ კარი. სამწუხაროდ, ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ აღარ შემიძლია ჯგუფის ნაწილი ვიყო და გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანო. გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვარ.
მინდა, კიდევ ერთხელ მომეცეს შესაძლებლობა, პარკ დე პრენსზე გულშემატკივრებს თვალებში შეგხედოთ და ისე დაგემშვიდობოთ, როგორც საჭიროა. თუ ეს ვერ მოხდება, მინდა იცოდეთ — თქვენი მხარდაჭერა და სითბო ჩემთვის ყველაფერია, და ამას არასდროს დავივიწყებ.
მუდამ თან წავიღებ ყველა ემოციის, ჯადოსნური ღამეების და თქვენი — იმ ადამიანების — მოგონებას, რომლებმაც სახლში მაგრძნობინეთ თავი. ჩემ თანაგუნდელებს, ჩემს მეორე ოჯახს — მადლობა თითოეული ბრძოლის, თითოეული სიცილისა და თითოეული გაზიარებული წუთისათვის. თქვენ ყოველთვის ჩემი ძმები იქნებით. ამ კლუბში თამაში და ამ ქალაქში ცხოვრება უზარმაზარი პატივი იყო. მადლობა, პარიზო.“
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ იტალიელ მეკარესა და ფრანგულ გუნდს შორის ურთიერთობა ახალ კონტრაქტზე და გაუმჯობესებულ ანაზღაურებაზე ვერ შეთანხმებამ გამოიწვია.
მოგეხსენებათ, პსჟ-ს ხელმძღვანელობის პოლიტიკა ასეთია - „არცერთი ფეხბურთელი არ დგას კლუბზე მაღლა“.
მათ არ გაითვალისწინეს ჯიჯოს თხოვნა და ხელფასი არ გაუზარდეს. აქედან გამომდინარე, დონარუმას კლუბის დატოვება მოუწია. მეტიც, ის ტოტენჰემთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს.
ასევე შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში იტალიელი მეკარის დიდებული თამაშის წყალობით პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო. დონარუმამ პლეი-ოფში თითოეული გუნდის წინააღმდეგ დაუვიწყარი მოგერიებები შემოგვთავაზა.