ქაირათმა სლოვანი გამოთიშა | გადრანი და ზარია ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გავიდნენ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანმა’’ შინ მარკო ტოლიჩის გოლით ყაზახეთის ჩემპიონ „ქაირათს’’ 1:0 მოუგო და რადგან პირველი შეხვედრა „ქაირათის’’ სასარგებლოდ ანალოგიური ანგარიშით დასრულდა, დამატებითი დრო დაინიშნა, გოლი არ გასულა და პენალტების სერიაში „სლოვანი'' 3:4 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში „ქაირათი'' გავიდა, რომელიც „სელტიკს'' დაუპირისპირდება.
„სლოვანის'' მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გურამ კაშია კვლავ სასტარტო 11-ეულში გაამწესა. 64-ე წუთზე „სლოვანის’’ კაპიტანმა ვლადიმირ ვაისმა (უმცროსმა) მინდორი დატოვა და ამ წუთიდან მოყოლებული გუნდს გურამ კაშიამ უკაპიტნა.
„ქაირათის’’ სათადარიგოთა სკამზე გიორგი ზარია და ლუკა გადრანი ისხდნენ. 68-ე წუთზე ზარია თამაშში ჩაერთო. ქართველი შემტევი აქტიურობდა და ერთ მომენტში თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ დატოვა.
მე-100 წუთზე გიორგი ზარიამ ყვითელი ბარათი მიიღო, 103-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში ამ წყვილის გამარჯვებული „ქაირათი'' „სელტიკს'' შეხვდება, დამარცხებული „სლოვანი'' ევროპა ლიგის ფლეი-ოფში „იანგ ბოიზს'' დაუპირისპირდება. თუ გურამ კაშიას გუნდი „იანგ ბოიზის'' ბარიერს ვერ დაძლევს, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
„სლოვანის'' გამოთიშვით „ქაირათმა'' ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.