კვერნაძე ფროზინონეს ლიდერად ყალიბდება | ქართველი შემტევი გუნდს არ შეიცვლის
CrystalSport-ის ინფორმაციით, გიორგი კვერნაძე „ფროზინონეში’’ რჩება. დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას გუნდს არ შეიცვლის. გასული სეზონის შემდეგ 22 წლის გარემარბი სერია A-ს „კალიარისა’’ და „ჰელას ვერონას’’, ასევე სერია B-ს „ბარის’’ დაუკავშირეს, თუმცა ინტერესს შესაბამისი გაგრძელება არ მოჰყოლია და ახალ სეზონში კვლავ სერია B-ში ვიხილავთ.
გასული სეზონის მეორე ნახევარში ძალიან კარგ ფორმაში შევიდა, გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა. განსაკუთრებით კარგი პერიოდი მარტსა და აპრილში ჰქონდა, როცა ზედიზედ ოთხ მატჩში საგოლე მოქმედება შეასრულა (გოლი „ბრეშასთან’’ და საგოლე პასები „სამპდორიასთან’’, „კოზენცასთან’’ და „ჩეზენასთან’’). სეზონის მეორე ნახევარში გაცილებით სახიფათო გახდა, თითქმის ყოველ მატჩში თამაშს ამწვავებდა და რეალურ საგოლე მომენტებს ქმნიდა.
გასული სეზონის შემდეგ „ფროზინონეს'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე პაოლო ბიანკო მასიმილიანო ალვინიმ შეცვალა, რომელიც 2022-23 წლების სეზონში სერია A-ს „კრემონეზეში'' ლუკა ლოჩოშვილს წვრთნიდა. კვერნაძე მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ შეხვედრებში მონაწილეობდა, ბოლო ამხანაგური მატჩი „ბენევენტოსთან'' მცირე დაზიანების გამო გამოტოვა, თუმცა საშიში არაფერია, ახალ სეზონში კარგ ფორმაში ხვდება.