„ბექაურმა სრული რეაბილიტაცია მოახდინა“ - ხაბარელი ნაკრებით აღფრთოვანებულია
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ 2025 წლის 20 ივნისი საქართველოს ძიუდოს ისტორიაში ყველაზე ღირსშესანიშნავი თარიღია - ჩვენი ქვეყნის ძიუდოისტთა ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ნამდვილი ფურორი მოახდინა, იაპონელების 8-წლიანი ჰეგემონია დაასრულა და პლანეტის პირველობის გამარჯვებული პირველად გახდა. ქართველი ძიუდოისტების ასპარეზობით აღფრთოვანებულია ქართული ძიუდოს ერთ-ერთი ლეგენდა შოთა ხაბარელი, რომელმაც Crystalsport-თან ინტერვიუში დღევანდელ გუნდურ შეჯიბრებაში ქართველების გამოსვლა დეტალურად შეაფასა.
შოთა ხაბარელი
როგორც ბიჭებმა, ასევე გოგონებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბეს. მედალს და პრიზიორობას ნამდვილად ველოდი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემპიონობა ძნელად წარმომედგინა. სწორედ ამიტომ, წარმოუდგენლად დიდი მადლობა ჩვენი ნაკრების წევრებს, რადგან მათ მთელ მსოფლიოს ქართული ძიუდო კიდევ ერთხელ გააცნეს.
ეთერ ლიპარტელიანზე აუცილებლად უნდა ვთქვა - ის ნამდვილი ამომავალი ვარსკვლავია, რომელმაც მომო ტამაოკის ჯერ ინდივიდუალური შეჯიბრების ფინალში მოუგო, ხოლო შემდეგ გუნდურშიც შანსი არ დაუტოვა. საერთოდაც, ეთერმა მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე, ერთი ამოსუნთქვით განვლო.
ლაშა ბექაური ინდივიდუალურ შეჯიბრებაში თითქოს ვერ გაიხსნა სათანადოდ, მაგრამ ამ ყველაფრის კომპენსირება გუნდურში მოახერხა - მურაოსთან ასეთი შეხვედრის შემოტრიალება ურთულესი საქმეა, მაგრამ ლაშამ ეს შეძლო და სრული რეაბილიტაცია მოახდინა.
სასიამოვნოდ გაოგნებული ვარ გურამ თუშიშვილის მომზადებითა და ასპარეზობით - ჩემი პირადი აზრია, რომ ფინალში ინალ ტასოევთან მის მიერ განხორციელებული გდება იპონი იყო და ეს ილეთი რუსს რომ შეესრულებინა, მას სუფთა გდებად ნამდვილად ჩაუთვლიდნენ.
რაც შეეხება მიხეილ ბახბახაშვილს - თუ ვინმეს ეგონა, რომ 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილს სათანადო შემცვლელი არ ჰყავდა, ამ ტურნირმა ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა. ბუნებრივია, შავდათუაშვილის დონის ძიუდოისტის ჩამოწერა არ შეიძლება, მაგრამ ბახბახაშვილისთვის შანსის მიცემა უკვე უპრიანია.
ცნობისათვის, შოთა ხაბარელი იმ იშვიათ ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა როგორც ძიუდოისტის, ასევე მთავარი მწვრთნელის ამპლუაში იზეიმა - 1980 წელს, მოსკოვში მან ოლიმპიური თამაშები მოიგო, ხოლო 2004 წელს ზურაბ ზვიადაურმა ოქრო მისი ხელმძღვანელობით მოიპოვა.