„მსგავსი საპნის ოპერა ბევრჯერ გვინახავს“ | ოლივეირამ ილიაზე ვრცლად ისაუბრა
ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას UFC 317-ზე გამართავს. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბებს და ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მებრძოლმა Canal Encarada-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
როდის გაიგო პირველად ილია თოფურიას შესახებ
„ვარ ადამიანი, რომელიც MMA-სთან ძალიანაა დაკავშირებული და UFC-ის ბრძოლებს ყოველთვის თვალს ადევნებს. როდესაც თოფურიას ჰაიპი დაიწყო და ყველა მასზე ლაპარაკობდა, ილიას შესახებ უკვე ვიცოდით, რადგან მის ჩხუბებს ვუყურებდით“.
რამ მიიქცია ყველაზე დიდი ყურადღება
„ილიას აგრესიულობამ. აგრესიული მებრძოლია, რომელიც ყოველთვის წინ მიდის. კომბინაციები აქვს და გამუდმებით ნოკაუტს ეძებს“.
არის თუ არა თოფურიასთან ჩხუბი ისლამ მახაჩევთან დაპირისპირებაზე დიდი მოვლენა
„ჩხუბი ჩხუბია. თუ აქცენტს გაყიდვებზე გავაკეთებთ, მაშინ თოფურია უფრო ყიდის ორთაბრძოლებს, ვიდრე მახაჩევი. Pay Per View-ზე თუ არის საუბარი, მაშინ ასეა, მაგრამ ჩხუბი ჩხუბია. ბევრი არაფერია სათქმელი. 28-ში ერთმანეთს ოქტაგონზე შევხვდებით და ყველაფერს გავარკვევთ“.
გაუკვირდა თუ არა ჩხუბამდე რამდენიმე კვირით ადრე, ილიამ კლიმენტის კლუბი რომ დატოვა
„ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა და წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდა. არავინ იცის, დახურულ კარს მიღმა, მოვლენები როგორ ვითარდება და არც მაინტერესებს, რა მოხდა“.
პროვოკაციები თოფურიას მხრიდან
„ყველა მებრძოლს ჩხუბის გაყიდვის უნიკალური სტილი აქვს. მე ჩემს ჩხუბებს სხვანაირად ვყიდი, ის - სხვანაირად. თუ თვლის რომ ეს სწორია, ასე გააგრძელოს“.
რეაქცია ილიას პოსტზე, რომელშიც თქვა, რომ ოლივეირამ ბალიში მოიტანოს, რადგან დააძინებს
„მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან. მათი სიტყვები არანაირ განსხვავებას არ ქმნის. მხოლოდ უფალმა იცის, რა მოხდება. წინასწარ ვერავინ იტყვის, მოვლენები როგორ განვითარდება და მხოლოდ ღმერთმა იცის, მომავალი როგორი იქნება. 28 ივნისს, ერთმანეთს შევხვდებით და ვფიქრობ, მისთვის სერიოზული პრობლემა ვარ. არა მხოლოდ ილიასთვის, ნებისმიერი მეტოქისთვის სერიოზული პრობლემა ვარ. ვარ მებრძოლი, რომელსაც ძალიან ძლიერი ხელები და აბსურდული ოდენობის ენერგია აქვს. თოფურიას სიტყვები არანაირ განსხვავებას არ ქმნის. ასეთი საპნის ოპერა ბევრჯერ გინახავთ. მსგავსი განცხადებით ჩემი ბევრი მეტოქე გამოსულა, მაგრამ ყველამ ვიცით, ბოლოს რაც ხდებოდა და ჩემს ხელს სწევდნენ“.
როგორ დაამარცხებს ილიას
„ძლიერი ხელები მაქვს, ძალიან ძლიერი ჯიუ ჯიცუ მაქვს და უბრალოდ მინდა, ჩხუბის დასრულების შემდეგ, ჩემი ხელი აღმართონ“.
შეგახსენებთ, რომ ბუკმეკერების აზრით, თოფურია გამოკვეთილი ფავორიტია და თუ სენსაცია არ დაფიქსირდა, „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდება.