დიდი ბრძოლები, სტრესი და მენტალიტეტი | სვანაძის პრესკონფერენცია
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პოლონეთთან მატჩის წინ ჟილინაში, „შტადიონ პოდ დუბნიოზე’’ პრესკონფერენცია გამართა.
რამაზ სვანაძე: „მესამე ზაფხულია ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ, ეს დიდი სტაბილურობა. ამ სტაბილურობაში ბევრი ადამიანია ჩართული. დარწმუნებული ვარ სტაბილურობა შენარჩუნდება, კიდევ და კიდევ წინ წავიწევთ.
რაც შეეხება განვლილ გზას, ძალიან სასიამოვნო იყო. სტრესი, დიდი ბრძოლები და დაბრკოლებები გავიარეთ. საკუთარი ბრძოლით მოპოვებული საგზური სულ სხვაა.
ხვალ ველოდები გუნდს თავისი ფილოსოფიით, თავისი მენტალობით, ბრძოლისუნარიანობით, რომელიც არასდროს გვაკლდა. მინდა ხვალ ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ და მივიღოთ ის ნაყოფი, რისთვისაც ვიბრძოდით''.
სვანაძეს გუნდის სამ გამორჩეულ მოთამაშეზე ვკითხე, რომელთაც კლუბში მცირე სათამაშო დრო აქვთ, თუმცა ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანეს. ვგულისხმობ ლუკა გაგნიძეს, ოთარ მამაგეიშვილსა და გაბრიელ სიგუას. როგორია მათი კონდიციები, სათამაშო ფორმა. მთავარი მწვრთნელის პასუხი ასეთი იყო: „კარგი იქნებოდა, რომ სიგუას, ოთო მამაგეიშვილსა და ლუკა გაგნიძეს მეტი სათამაშო დრო ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, უნდა შევძლოთ და წარმატებით ვითამაშოთ''.
სვანაძე პოლონეთის 21-წლამდე ნაკრებზე: „პოლონეთი ძალიან დაბალანსებული გუნდია როგორ დაცვაში, ასევე შეტევაში. ჩვენი გეგმა ყოველთვის არის დადებითი შედეგის მიღწევა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ჩვენი მეტოქე. მენტალურად ჩვენთვის არაფერი იცვლება''.
სვანაძე ქართველი სპორტსმენების წარმატებაზე: „ძალიან კარგი თვეა ქართული სპორტისთვის. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მერაბ დვალიშვილმა გაიმარჯვა. იმედი მაქვს ივნისის თვეს ჩვენც ისე დავასრულებთ, როგორც გვსურს. დაპირებების გაცემა არ მიყვარს, თუმცა წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ''.
რამაზ სვანაძეს სათამაშო სქემაზე ჰკითხეს. იმის გათვალისწინებით, რომ სამი ცენტრალური მცველი (ლუკა ლაცაბიძე, საბა გოგლიჩიძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე) ტრავმირებულია, შესაძლოა სვანაძემ სქემა შეცვალოს, ძველ სქემას დაუბრუნდეს და 3 ცენტრალური მცველით ითამაშოს.
რამაზ სვანაძე ტრავმირებულ მცველებზე, სქემის შესაძლო შეცვლასა და საბა საზონოვზე: „სამივე მცველის არყოფნა დიდი დანაკლისია. რაც შეეხება გადაწყობას, ხვალ ყველაფერს ნახავთ მინდორზე. მცირე დრო გვქონდა და ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის, რომ თამაშს მაქსიმალურად კარგ ფორმაში შეხვედროდით. გუნდურობა დანაკლისს აბალანსებს.
სქემის ცვლილება კონკრეტულ მოწინააღმდეგეზეა დამოკიდებული. გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ. თუ გინდა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ითამაშო, თანამედროვე ფეხბურთში გუნდი მოცემულ ვითარებასთან უნდა ადაპტირდეს.
საბა საზონოვს დიდი დრო გაუცდა, თუმცა ამის მიუხედავად დიდი პროფესიონალია. მან ნაკრებში ყოფნა დაიმსახურა''.
რამაზ სვანაძე ვახო ბედოშვილზე: „დარწმუნებული ვარ ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე ყოველთვის ოცნებობდა, მაგრამ როცა მესამე ლიგაში თამაშობდა, ამის წარმოდგენა გაუჭირდებოდა. ცოტა ხნის წინ მესამე ლიგაში თამაშობდა. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ბედოშვილის გამოძახებაც ამის დასტურია. მის პიროვნულ თვისებებსა და საფეხბურთო უნარებზე ინფორმაცია გვქონდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა მესამე ლიგაში თამაშობდა. მისთვის ფეხბურთი პრიორიტეტია. მუდმივად შრომობს და პროგრესზეა ორიენტირებული. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მისი ნაკრებში ინტეგრირება მნიშვნელოვანია, რადგან ბიჭების დიდი უმრავლესობა დიდი ხანია ერთად მოდის, ეს ფეხბურთელები სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში ერთად თამაშობდნენ და ვახო გუნდის სრულფასოვან წევრად მივიღეთ. ვახოსთვის ევროპის ჩემპიონატი დიდი მოვლენაა. სავარჯიშო პროცესში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება’’.
რამაზ სვანაძესთან ერთად პრესკონფერენციას ირაკლი აზაროვი ესწრებოდა.
ირაკლი აზაროვი: „ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მეორედ ვითამაშებ. სასიხარულოა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავედით, საგზური ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვეთ. ხვალაც იგივე შემართებით ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებული შედეგი ვაჩვენოთ.
საბა გოგლიჩიძის, ნიკოლოზ უგრეხელიძისა და ლუკა ლაცაბიძის არყოფნა დიდი დანაკლისია. ჩვენ ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ და მათი არყოფნა გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება’’.
აზაროვი თავის მომავალზე: „გეთანხმებით, ასეთი დიდ ტურნირზე კარგი თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერაზე შესაძლოა დადებითად აისახოს და დიდ ტრამპლინად იქცეს. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია''.
ევრო 2025 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხვალ ჟილინაში პოლონეთს დაუპირისპირდება, თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ასევე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი14 ივნისს საფრანგეთს და 17 ივნისს პორტუგალიას შეხვდება.
დიმა შარიქაძე ჟილინადან კრისტალსპორტისთვის