ევროპის ჩემპიონატი (U21) როგორც დიდი ტრამპლინი | აზაროვმა თავის მომავალზე ისაუბრა
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ პოლონეთთან მატჩის წინ ჟილინაში, „შტადიონ პოდ დუბნიოზე’’ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე მასთან ერთად ირაკლი აზაროვი იმყოფებოდა. ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმ ფაქტორს, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაში შესაძლოა ბევრი ფეხბურთელის კარიერაზე დადებითად აისახოს, გარდამტეხი იყოს და მათ ტრანსფერებს ხელი შეუწყოს. აზაროვი, რომელსაც გასულ სეზონში „შახტარში'' მცირე სათამაშო დრო ჰქონდა, ამ მოსაზრებას იზიარებს.
აზაროვი თავის მომავალზე: „გეთანხმებით, ასეთი დიდ ტურნირზე კარგი თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერაზე შესაძლოა დადებითად აისახოს და დიდ ტრამპლინად იქცეს. ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია''.
აზაროვმა ასევე აღნიშნა, რომ 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელები კვლავ იმ შემართებით ითამაშებენ, რაც შესარჩევი ციკლის მიმდინარეობისას და შემდეგ ფლეი-ოფში ხორვატიასთან აჩვენეს.
აზაროვი:„ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მეორედ ვითამაშებ. მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავედით, საგზური ჩვენი ძალისხმევით მოვიპოვეთ. ხვალაც იგივე შემართებით გავალთ მინდორზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებულად ვითამაშოთ.
საბა გოგლიჩიძის, ნიკოლოზ უგრეხელიძისა და ლუკა ლაცაბიძის არყოფნა დიდი დანაკლისია. ჩვენ ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ, ძალიან დაგვაკლდებიან''.
ევრო 2025 წლის ჩემპიონატის პირველ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ხვალ ჟილინაში პოლონეთს დაუპირისპირდება, თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. ასევე გეტყვით, რომ რამაზ სვანაძის გუნდი14 ივნისს საფრანგეთს და 17 ივნისს პორტუგალიას შეხვდება.
დიმა შარიქაძე ჟილინადან კრისტალსპორტისთვის