„მისი მოკვლა სცადეს და ახლა პრობლემა აქვთ“ | რეი ლონგომ მერაბზე ისაუბრა
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელმა, რეი ლონგომ ქართველ მებრძოლზე ისაუბრა და UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბს გამოეხმაურა. ლონგომ UFC გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „მანქანას“ ალჯამეინ სტერლინგთან უფრო რთული სპარინგები აქვს, ვიდრე ომალისთან გამართული ორთაბრძოლა იყო.
„მერაბ დვალიშვილი ძალიან, ძალიან კარგი ადამიანია და ნელ-ნელა, ამას ხალხიც ხვდება. ომალისთან ჩხუბში, მას ზიანი საერთოდ არ მიუღია. ვარჯიშებზე უფრო მეტ მტკივნეულ დარტყმასა და ზიანს იღებს. ალჯოსთან უფრო რთული სპარინგები აქვს, ვიდრე ომალისთან ჩხუბი იყო და შეუძლია, წელიწადში 12 ასეთი ორთაბრძოლა გამართოს.
რა არის მთავარი ცვლილება, რამაც მერაბის წარმატება განაპირობა? თავდაჯერებულობა! თავდაჯერებულობა გაეზარდა. მერაბი არის იდეალური მაგალითი თუ რატომ ვიყენებთ გამოთქმას - „რაც არ გკლავს, გაძლიერებს“. მისი მოკვლა სცადეს. გადახედეთ მის რეზიუმეს და გაიხსენეთ, რა დონის მეტოქეები მისცეს. დვალიშვილის მოკვლა სცადეს, ის კი უფრო და უფრო თავდაჯერებული გახდა და ახლა, სერიოზული პრობლემა აქვთ.
მეორე მხარეს სუპერ ნიჭიერი მებრძოლია, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ როდესაც საჩუქრებს გიკეთებენ და ამის გამო იჯერებ, რომ ყველაფერი შეგიძლია, რთულ ჩხუბში პრობლემები გექმნება. ომალი სუპერ ნიჭიერი მებრძოლია, მაგრამ მისცეს მეტოქეები, რომლებიც მის სტილს იდეალურად ერგებოდნენ. ახლა, შეხვდა მეტოქე, რომელიც ელიტარული დონის მოჭიდავეა და სერიოზული პრობლემები შეექმნა. ესაა საკითხი, რომელსაც რამდენიმე თვეში ვერ გამოასწორებ და ფაქტი სახეზეა.
წარმოიდგინეთ, როგორ იზრდება შენი თავდაჯერებულობა, როდესაც ხვდები, რომ რთულ მეტოქეებს ამარცხებ. როდესაც მსოფლიო ჩემპიონთან სპარინგს მართავ და შემდეგ ჩვეულებრივ მებრძოლზე გადადიხარ, საკმარისი გამოცდილება გიგროვდება და იცი, რომ ის შენ წინააღმდეგ ვერაფერს იზამს. მერაბმა სწორედ ეს გამოიარა და შედეგი აშკარაა“.
შეგახსენებთ, რომ ომალისთან გამარჯვების შემდეგ, „მანქანა“ UFC-ის Pound for Pound რეიტინგში დაწინაურდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. დვალიშვილმა ჯონ ჯონსს გადაუსწრო და მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება.