„ძალიან საინტერესო კალათბურთელია“ | ხუან კარლოს ნავარომ შენგელიაზე ისაუბრა
„ბარსელონას“ საკალათბურთო გუნდის გენერალურმა მენეჯერმა, ხუან კარლოს ნავარომ „ბლაუგრანას“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ლეგენდარულ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას შესახებაც ჰკითხეს, რომელსაც კატალონიელებს აქტიურად უკავშირებენ.
„თორნიკე შენგელია ძალიან საინტერესო კალათბურთელია, მაგრამ ამ მომენტისთვის, სხვა კლუბის რიგებში ასპარეზობს. გამომდინარე აქედან, მასზე მეტს ვერაფერს ვიტყვი“, - განაცხადა ხუან კარლოს ნავარომ.
შეგახსენებთ, რომ Mundo Deportivo-ს თქმით, შენგელია „ბარსელონას“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია და თოკო „ბლაუგრანაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. შენგელია კონტრაქტს 2+1 სქემით გააფორმებს, ხელფასის სახით კი წელიწადში დაახლოებით 3 მილიონ ევროს მიიღებს.
Mundo Deportivo-ს მიხედვით, „ბლაუგრანა“ შენგელიას დიდი ხანია აკვირდება და ახლოს იყო მის შეძენასთან გასული წლის ზაფხულშიც, თუმცა ქართველი „ვირტუს ბოლონიას“ უფასოდ ვერ დატოვებდა, კატალონიურ კლუბს კი ტრანსფერისთვის საჭირო თანხა არ ჰქონდა.