„კავკასიის საუკეთესო მოჭიდავესთან შეხვედრის დროა“ - დე რიდერი ჩიმაევისთვის ემზადება
ვისთან უნდა დაიცვას საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი ხამზატ ჩიმაევმა? ეს შეკითხვა შერეული ორთაბრძოლების ბევრ გულშემატკივარსა და ექსპერტს აწუხებს და ბოლო ვერსია, რომელიც გამოიკვეთა, ნიდერლანდელი რეინე დე რიდერია. მისი კანდიდატურა UFC-ის ცნობილმა ექსპერტმა ჯო როგანმაც წამოაყენა და ჩეჩენ მებრძოლთან დაპირისპირებას თავად დე რიდერიც ითხოვს.
ჯო როგანი
დრიკუსს ხამზატთან რემატჩის ჩანიშვნა ძალიან გაუჭირდება. არ ვიცი ვისთან ემზადებოდა დუ პლესი ამ ბრძოლისთვის, მაგრამ კლასში ძალიან დიდი სხვაობა გამოჩნდა და ჩიმაევის საპასუხოდ მას არანაირი არგუმენტი არ აღმოაჩნდა. ვინ უნდა იყოს ახალი ჩემპიონის მომდევნო მეტოქე? თუნდაც რეინე დე რიდერი, რომელიც როგორც გრეპლინგში, ასევე დგომში მისი უნარებისა და მუხლებში დარტყმების გათვალისწინებით, ხამზატისთვის საინტერესო მოწინააღმდეგე იქნება. ნიდერლანდელს ძლიერი დარტყმა, გამძლეობა და გამოცდილება გააჩნია.
რეინე დე რიდერი
ახალმა ჩემპიონმა კონტროლის მასტერკლასი შემოგვთავაზა და დუ პლესისთან საოცარი დომინაციის ხარჯზე გაიმარჯვა. რაც შეეხება ჩემსა და ჩიმაევს შორის შესაძლო დაპირისპირებას, ეს ისტორიული ჩხუბი იქნება. ამერიკის საუკეთესო მოჭიდავეს უკვე შევხვდი და ახლა დროა კავკასიის საუკეთესო მოჭიდავესთანაც მოვსინჯო ძალები.
ცნობისათვის, რეინე დე რიდერმა, რომელიც UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში მეხუთე ნომერია, ბოლოს რამდენიმე კვირის წინ იჩხუბა და რობერტ უიტეკერი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.