„ნაკრებთან ერთად მოგებულ ტიტულს არაფერი სჯობს“ | რონალდუ ერთა ლიგაზე
პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალში, სელესაო ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პორტუგალიამ 5:3 იმარჯვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, „სელესაოს“ სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა: „ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ რიგში, ეს თაობა ტიტულს ნამდვილად იმსახურებდა და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა განსაკუთრებული ემოციაა.
ბევრი ტიტული მაქვს, მაგრამ ნაკრებთან ერთად მოგებულ თასს არც ერთი სჯობს. ცრემლები მომდის და გადახდილი ვალის შეგრძნება მეუფლება. ეს საოცრებაა. პორტუგალია პატარა ქვეყანაა, რომელსაც დიდი ამბიციები აქვს. ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია და ბევრ კლუბში მითამაშია, მაგრამ როდესაც საუბარი პორტუგალიას ეხება, საერთოდ სხვა ემოციები მეუფლება. ამ გუნდის კაპიტნობა საამაყოა“.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიამ ერთა ლიგა მეორედ მოიგო. „სელესაოს“ მხრიდან გოლები რონალდუმ და ნუნუ მენდეშმა გაიტანეს, პენალტები კი გონსალუ რამუშმა, ვიტინიამ, ბრუნო ფერნანდეშმა, ნუნუ მენდეშმა და რუბენ ნევეშმა შეაგდეს.