„რთული თამაში იყო და კარგად ვერ დავიწყეთ“ | ვილი სანიოლის კომენტარი კაბო ვერდესთან მატჩზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისის შეკრების ფარგლებში მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. ქუთაისში, კაბო-ვერდესთან ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა. ნიკა გაგნიძის პასით გოლი საბა ლობჟანიძემ გაიტანა. სტუმრებმა ანგარიში მეორე ტაიმში, 11-მეტრიანით გაათანაბრეს. მატჩის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თამაში შეაფასა.
„რთული თამაში იყო და სწორედ ასეთ მატჩს ველოდით. კაბო-ვერდე კარგი გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფს ლიდერობს. უკვე წლებია ჰყავთ კარგი მოთამაშეები და ეს არ არის სიახლე. სწორედ ამიტომ, დღეს უფრო რთული იყო, ვიდრე ფარერის კუნძულებთან შეხვედრაში.
თამაში კარგად ვერ დავიწყეთ. 20 წუთში ტაქტიკური ცვლილებები განვახორციელეთ, რის შემდეგაც გუნდი უფრო ორგანიზებული გახდა. თამაშმა გვაჩვენა, რომ ფეხბურთი ყოველთვის რთულია. თუ არ ხარ კონცენტრირებული და არ იცავ დისციპლინას, ამას ყოველთვის მოჰყვება პრობლემები. თუმცა, მოგვიანებით თამაში უკეთესი გახდა.
ამ ორ ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი მთავარი მიზანი სხვა ფეხბურთელისთვის მეტი სათამაშო დროის მიცემა იყო. კმაყოფილები ვართ, რადგან მივიღეთ პასუხები ჩვენს კითხვებზე. მაგალითად, გულიაშვილმა და გაგნიძემ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე ამ ორ შეხვედრაში. კმაყოფილი ვარ მათი თამაშით და თუ შრომას გააგრძელებენ, შეუძლიათ მალე შეუერთდნენ გუნდს. გვჭირდება კონკურენცია და ბევრი ფეხბურთელი, რადგან მხოლოდ 11 მოთამაშით ჩვენს მიზნებს ვერ მივაღწევთ“.
მომდევნო მატჩებს საქართველოს ნაკრები სექტემბერში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში გამართავს. 4 სექტემბერს, ჩვენი გუნდი თურქეთს უმასპინძლებს, ხოლო 7 სექტემბერს ბულგარეთის ნაკრებს.