ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„წარმოუდგენელი იყო, რაც თამაშის მიწურულს გააკეთა!“ - პსჟ-ს ლეგენდა ხვიჩაზე და პარიზელთა ტრიუმფზე

პსჟ-ის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და შემდგომში მწვრთნელმა, ლუის ფერნანდესმა ავტორიტეტულ გამოცემა Le Parisien-თან ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიაც შეაქო.

65 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ პარიზული გუნდის თამაშითა და ფეხბურთელების თავდადებით გაოცებული დარჩა.

რას ამბობს ფერნანდესი:

„ულამაზესი, საოცარი თამაში და ატმოსფერო იყო. სტადიონზე ვიყავი და ამ წარმოუდგენელმა ატმოსფერომ მთლიანად შემიპყრო. ვნახე, როგორ დაჯილდოვდა ყველა ფეხბურთელი თუ გულშემატკივარი ამ რამდენიმეწლიანი იმედის შემდეგ. ეს ყველაფერი დამსახურებული იყო“.

„ასეთი ერთსულოვანი და გუნდური პსჟ არასდროს მინახავს. ამ გუნდმა ყველა გაახარა. მხოლოდ და მხოლოდ აღფრთოვანება შეიძლება. სეზონის დაწყებამდე, ბევრი საპირისპირო კომენტარს აკეთებდა, მაგრამ ლუის ენრიკემ ყველას დაუმტკიცა, რომ შეცდომას უშვებდნენ. სეზონის დაწყების დღიდან ვტკბები ამ გუნდით, ძალიან ლამაზად თამაშობენ და კოლექტიურად საკმაოდ ძლიერი გუნდია“.

„რა თქმა უნდა, ლუის ენრიკეს დიდი დამსახურება მიუძღვის, მაგრამ არასდროს არის მარტო. არ მიყვარს მხოლოდ ერთი ადამიანის გამოყოფა, ეს არასწორია. ენრიკეს გვერდით ასისტენტები და მთელი პერსონალია. ვხედავთ, რომ მათი სამუშაო ძალიან კარგად შესრულდა. მოთამაშეები ამ წარმატებას იზიარებენ. ეს არა ერთის, არამედ მთელი კოლექტივის გამარჯვებაა, ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ გუნდის შენებაში იღებდა მონაწილეობას, ვინც თამაშობს, ან არ თამაშობს. ეს აშკარაა საქმისადმი დამოკიდებულებაშიც“.

„წარმოუდგენელია, როდესაც ხედავ, თუ როგორ ახორციელებს მატჩის მიწურულს კვარა 80-მეტრიან გარბენს, რათა უკან დაიხიოს და გუნდს თავის დაცვაში დაეხმაროს. შესანიშნავი სანახავია, როდესაც ორი გოლის გატანის მიუხედავად, დუე ინტენსივობით აგრძელებს პრესინგის თამაშს. როდესაც ამ დეტალებს უყურებ, ხვდები, რომ ყველა ფეხბურთელმა თუ სხვა თანამშრომელმა წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. ყველა ერთმანეთს ეხმარება და სწორედ ეს ხდის პსჟ-ს განსაკუთრებულს. ვგრძნობთ, რომ ამ გუნდში რაღაც ჯადოსნური ხდება, აქ ვარსკვლავური კოლექტივი შეიკრიბა“.

ცნობისთვის, ლუის ფერნანდესი პსჟ-ში 1978-1986 წლებში თამაშობდა და პარიზული გუნდის მაისურით ჩატარებულ 225 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა. 1994-1996 და 2000-2003 წლებში ფერნანდესი პარი სენ-ჟერმენის მთავარ მწვრთნელადაც მოგვევლინა, სხვადასხვა წლების განმავლობაში კი ბილბაოს ატლეტიკს, ბეტისს, ესპანიოლს, რეიმს, ისრაელის ნაკრებსა და კიდევ სხვა გუნდებს წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მა „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ტიტული არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა. „ნერაძურის“ კარში მეოთხე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მონსტრები არიან!“ - სუშიჩი პსჟ-ის შემტევებზე
„მონსტრები არიან!“ - სუშიჩი პსჟ-ის შემტევებზე