NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა
ლოს ანჯელეს კლიპერსი VS დალას მავერიქსი 104 - 101
ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ლოს ანჯელესში „კლიპერსსა“ და „მავერიქსს“ შორის შედგა, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე „დალასი“ 10 ქულით იგებდა, თუმცა დანილო გალინარისა და ლუ ვილიამსის კარგი თამაშის წყალობით ლოს ანჯელესელებმა მატჩი სამქულიანი სხვაობით მოიგეს.
„კლიპერსის“ რიგებში გალინარიმ 28 ქულა მოაგროვა და 5-დან 4 სამქულიანი მოათავსა კალათში, 19 ქულა ჰქონდა ტობაიას ჰერისს.
„დალასის“ მხრიდან ვესლი მეთიუსი გამოირჩა, რომელმაც 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და 23 ქულას მოუყარა თავი.
„დალასთან“ გამარჯვების შემდეგ „კლიპერსს“ 27 მოგება და 25 მარცხი დაუგროვდა, ლოს ანჯელესელები ამ მაჩვენებლით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფებიან და საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
დეტროიტი VS პორტლენდი 111 - 91
ბლეიკ გრიფინით გაძლიერებული „დეტროიტი“ აგრძელებს წარმატებულ თამაშს, „პისტონსმა“ ამჯერად შინაურ კედლებში „პორტლენდი“ სოლიდური, 20 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.
„დეტროიტს“ ბლეიკ გრიფინმა ულიდერა 21 ქულით, 9 მოხსნითა და 6 გადაცემით, რიგით 37-ე ორმაგი დუბლი მიითვალა ანდრე დრამონდმა - 17 ქულა 17 მოხსნა.
„პორტლენდის“ რიგებში ტრადიციულად დემიენ ლილარდი და სი ჯეი მაკკოლუმი გამოირჩნენ 20 და 14 ქულით.
26 მოგებითა და 25 მარცხით „დეტროიტი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს და პლეიოფში მოსახვედრად იბრძვის.
ინდიანა VS ვაშინგტონი 102 – 111
ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა ინდიანაპოლისში, სადაც „პეისერსი“ „ვაშინგტონთან“ 9 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.
ვიქტორ ოლადიპოს გარაშე მყოფ „ინდიანას“ ბოიან ბოგდანოვიჩმა ულიდერა 29 ქულით, 17 ქულა ჰქონდა ჯო იანგს.
„ვაშინგტონმა“ გამარჯვება გუნდური კალათბურთის ხარჯზე მოიპოვა, „ვიზარდსის“ რიგებში ერთბაშად 8 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ნიშნულს, „ვაშინგტონის“ ვარსკლავმა, ბრედლი ბილმა კი 21 ქულის მოგროვება შეძლო.
31 მოგებითა და 22 მარცხით „ვაშინგტონი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზე იმყოფება.
მაიამი VS ორლანდო 109 – 111
სენსაცია შემოგვთავაზა „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც ფლორიდულ დერბიში სტუმრად „მაიამი ჰიტი“ ორქულიანი სხვაობით დაამარცხა.
„ჰიტის“ რიგებში მე-19 ორმაგი დუბლი გაიფორმა ჰასან ვაითსაიდმა, 19 ქულა 14 მოხსნა, 20 ქულა ჩაიწერა აქტივში ჯოშ რიჩარდსონმა.
„მეჯიქს“ ხორვატმა მარიო ჰეზონიამ ულიდერა 20 ქულით, სათადარიგო სკამიდან 16 ქულა მოაგროვა დი ჯეი ოგუსტინმა.
„ორლანდოს“ ამ გამარჯვების შემდეგ 16 მოგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილს თავი დააღწია.
ნიუ ორლეანი VS იუტა 109 – 133
„იუტა“ კვლავ განაგრძობს საოცარი კალათბურთის ჩვენებას, ამჯერად „ჯაზმენებმა“ „პელიკანსი“ გაანადგურეს 24 ქულით.
„იუტამ“ 21-დან 14 სამქულიანი ჩააგდო და ნასროლი ბურთების 58.4 % მოათავსა კალათში.
„ნიუ ორლეანის“ რიგებში ჯრუ ჰოლიდეი გამოირჩა 28 ქულით, რიგით 29-ე ორმაგი დუბლი მიითვალა ენტონი დევისმა - 15 ქულა და 11 მოხსნა.
„იუტას“ როდნი ჰუდმა ულიდერა 30 ქულით, ორმაგი დუბლი ჩაიწერა აქტივში რუდი გობერმა - 19 ქულა 10 მოხსნა.
„ჯაზმენებმა“ ზედიზედ მე-6 თამაში მოიგეს, 25 მოგება და 28 მარცხი დააგროვეს და საპლეიოფო საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობენ.
დენვერი VS შარლოტა 121 – 104
საკუთარ პარკეტზე რიგით 22-ე გამარჯვება მოიპოვა „დენვერ ნაგეთსმა“, კოლორადოელებმა „შარლოტ ჰორნეტსი“ 14 ქულიანი უპირატესობით დაამარცხეს.
„ნაგეთსმა“ მატჩში 18 სამქულიანი ჩააგდო და 30 გადაცემა მოაგროვა, „დენვერის“ რიგებში ერთბაშად 7 კალათბურთელი გადაცდა 10 ქულიან ზღვარს, ბოლო დროს საოცარ ფორმაში მყოფმა გარი ჰერისმა კი 27 ქულა მიითვალა.
„ჰორნეტსის“ მხრიდან კემბა ვოკერი გამოირჩა 20 ქულით, 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა დუაით ჰოვარდმა.
29 მოგებითა და 25 მარცხით „დენვერი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება.
საკრამენტო VS ჩიკაგო 104 – 98
აუთსაიდერთა დაპირისპირებაში გამარჯვება „მეფეებმა“ იზეიმეს, მიუხედავად ჩაგდებული პირველი მეოთხედისა, რომელიც „საკრამენტომ“ 9 – 28 წააგო, „კინგსმა“ მატჩი 6 ქულიანი სხვაობით მოიგო.
„საკრამენტოს“ რიგებში გამორჩეული იყო ჯორჯ ჰილი, რომელმაც 14 ქულასთან ერთად 5 გადაცემა ჩაიწერა აქტივში, 15 ქულა და 2 ჩაჭრა ჰქონდა ბოგდან ბოგდანოვიჩს.
„ჩიკაგოს“ სისტემას ნელ-ნელა ეგუება ზაკ ლავინი, რომელმაც „საკრამენტოსთან“ მატჩში 27 ქულას მოუყარა თავი, ორმაგი დუბლი მიითვალა ბობი პორტისმა - 18 ქულა 14 მოხსნა.
16 გამარჯვებითა და 36 მარცხით „საკრამენტო“ დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.