სიმონე ინძაგი
Aa
Aa

„სენ-ჟერმენს ვაფასებთ, მაგრამ არ გვეშინია“ - ინძაგის მოსაზრებები ფინალამდე

როგორც არ უნდა დასრულდეს წლევანდელი სეზონის მთავარი საფეხბურთო მატჩი, სიმონე ინძაგი „ინტერის“ ისტორიაში ოქროს ასოებით მაინც შევა. ის ლეგენდარული ელენიო ერერას შემდეგ გახდა რიგით მეორე მთავარი მწვრთნელი ნერიაძურის ისტორიაში, რომელმაც ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამ წელიწადში ორჯერ გაიყვანა.

2023-ში შავ-ლურჯებმა გადამწყვეტი მატჩი „მანჩესტერ სიტისთან“ დათმეს და მაშინდელი შეცდომების გამეორებას „პარი სენ-ჟერმენთან“ რომ აღარ აპირებენ, ეს ინძაგის მიერ უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემული ინტერვიუდანაც კარგად ჩანს.

სიმონე ინძაგი

„ინტერის“ თითოეული წევრი ამაყია ბოლო წლებში მიღწეული შედეგების გამო - ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალის თამაში არის იმ მუხლჩაუხრელი შრომისა და უდიდესი მსხვერპლის შედეგი, რისი გაღებაც მოგვიწია. ეს საერთო წარმატებაა, რომელშიც სამწვრთნელო შტაბის წევრები, ფეხბურთელები, კლუბის პერსონალი და თითოეული გულშემატკივარი მონაწილეობდა.

„მანჩესტერ სიტისთან“ ორი წლის წინანდელი ფინალი კარგად გვახსოვს და ეს მშვენიერი გაკვეთილი იქნება. ვფიქრობ, რომ იმ მატჩში მინიმუმ დამატებით დროს ვიმსახურებდით, თუმცა არა უშავს, ნამდვილი ჩემპიონები შეცდომებზე სწავლით ადიან უმაღლეს მწვერვალზე.

ვფიქრობ, მაშინდელთან შედარებით კიდევ უფრო გავძლიერდით და ეს ჩემი კი არა, იმ ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებიც არამხოლოდ თამაშს, თითოეულ ვარჯიშს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. „ინტერი“ თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, რაც წელს დიდ გუნდებთან მატჩებში არაერთხელ დამტკიცდა.

წლევანდელ ფინალში მოსახვედრად ურთულესი გზა გავიარეთ. ყველაზე მეტად რაღა თქმა უნდა „ბარსელონასთან“ ნახევარფინალები დამამახსოვრდა, მაგრამ მერწმუნეთ, „ბაიერნის“ ტურნირიდან გამოთიშვასაც არანაკლები ენერგია შევალიეთ, რადგან მიუნხენელებს ფიზიკურად მძლავრი და კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავდათ. მოკლედ, უკანასკნელი ოთხი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი ინტენსივობის გვქონდა და ჩემი ფეხბურთელები ქებას ნამდვილად იმსახურებენ.

„პარი სენ-ჟერმენი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც ლუის ენრიკეს სახით დიდებული მთავარი მწვრთნელი უდგას სათავეში. ეს არის ნიჭიერი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული კლუბი, რის გამოც იდეალური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავიმარჯვებთ. ვაფასებთ მეტოქეს, თუმცა მათი შიში ოდნავადაც არ გვაქვს.

ცნობისათვის, ოთხი წლის განმავლობაში სიმონე ინძაგიმ „ინტერს“ ერთხელ სკუდეტო (2024), ორჯერ კოპა იტალია (2022, 2023) და სამჯერ იტალიის სუპერ თასი (2021, 2022, 2023) მოაგებინა. 2021 წლის 1 ივლისიდან დღემდე კი, მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული 216 მატჩიდან ნერიაძურიმ 141 მოიგო, 41 ფრედ დაასრულა და 34-ჯერ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მამაჩემს ვასწავლი ლიგის მოგება როგორ უნდა“ - მარკუს ტურამი ფინალზე
“მამაჩემს ვასწავლი ლიგის მოგება როგორ უნდა“ - მარკუს ტურამი ფინალზე