„პარიზში ჩასვლის დღიდან მთავარი მოტივაცია ეს იყო“ - ლუის ენრიკეს ინტერვიუ UEFA-სთან
UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ესპანელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე საუბრობს.
ლუის ენრიკე:
ლიგის ფაზაში არსებული სირთულეები:
თუ იმ ყველაფერს გავაანალიზებთ, რაც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში მოხდა, ვფიქრობ, შესანიშნავი ტრილერი, ან საშინელებათა ფილმი გამოვიდოდა, რადგან თითქმის ყველაფერი მოხდა. ლიგის ფაზის ყველა თამაშში, განსაკუთრებით საშინაო თამაშებში უკეთეს შედეგებს ვიმსახურებდით, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უბრალოდ არ მომხდარა და ფინიში ასეთი იყო. ფინიშები თითქმის სასაცილო იყო. ძალიან იშვიათია ასეთი დონის გუნდის ნახვა ასეთი დაბალი შედეგიანობით. ცხრილი ერთ რამეზე მეტყველებდა, ჩვენ კი საერთოდ სხვა რამეს ვგრძნობდით. ვგრძნობდით, რომ გუნდი ბევრ რამეს კარგად აკეთებდა.
როგორც კი ჩვენი სეზონი შედარებით დაწყნარდა და კარის წინ სიმკვეთრე აღვადგინეთ, ვფიქრობ, გუნდმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. გავაგრძელეთ გაუმჯობესება, გავიზარდეთ და ახლა ფინალში ვართ. მიღწეული შედეგით უნდა ვიამაყოთ. თუმცა, საქმე ბოლომდე გვაქვს მისაყვანი, რადგან ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა. სეზონის მეორე ნახევარში თანმიმდევრულები ვიყავით ჩვენი თამაშის სტილის, მომზადებისა და თამაშების მოგების სურვილის თვალსაზრისით. თუ სტატისტიკას გადახედავთ, დაინახავთ გუნდს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მეტოქეს ჯობდა, მეტ შანსს ქმნიდა და ნაკლებ გოლს უშვებდა.
რა შეიძლება ჩემი მწვრთნელობის პერიოდში?
გუნდის ცვლილებები და ევოლუცია აშკარაა. ჩვენი მიზანი იყო თანდათანობით შეგვექმნა რაღაც განსხვავებული, რაღაც განსაკუთრებული... ისეთი რამ, რაც მოთამაშეებს მიიზიდავდა და პარიზში ჩამოსვლის სურვილს გაუჩენდა. სწორი ტრანსფერები უნდა გაგვეკეთებინა. გვჯეროდა იმ მოთამაშეების პროფილის, რომლებსაც ვეძებდით, როგორებიც იყვნენ პაჩო, ნევეში, დუე და სხვები... ასევე, აკადემიის მოთამაშეებიც. ყველა მათგანი ძალიან გვეხმარება.
მას შემდეგ, რაც აქ მოვედი, ყველამ სრული ნდობა გამომიცხადა. არასდროს მიგრძნია ტიტულების მოგების ზეწოლა. გასულ წელს ფინალში გასვლასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ნახევარფინალიდან გამოვარდით. შარშან საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ, რაც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩემპიონთა დიდი ხანია რაც კლუბისთვის მთავარი პრიორიტეტია. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, ვინც სამ ან ოთხ წელიწადში ტიტულების მოგებას გეგმავს. ეს იგივეა, რომ ჩემს სამშობლოში, ხიხონში წვიმის შეწყვეტას ელოდო. წვიმა გაგრძელდება, შენ კიდევ მზად უნდა იყო, რომ ტიტული რაც შეიძლება მალე მოიგო.
2015 წელს ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის მოგება
მახსოვს, ბერლინის დაუვიწყარი ფინალი „იუვენტუსის“ წინააღმდეგ. „ბარსელონაში“ პირველ წელს ტრიპლეტი მოვიგეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კლუბისთვის, ფეხბურთელებისთვის და ჩვენთვის, პერსონალისთვის. ათი წლის შემდეგ იგივე შესაძლებლობა გვაქვს. მჯერა, რომ ახლა გამარჯვებისთვის უფრო მომწიფებული ვარ. თავს შესანიშნავად და სრულყოფილად ვგრძნობ როგორც მენეჯერი და როგორც ადამიანი.
მჯერა, რომ ეს ფეხბურთელები ფინალის ემოციებს იმსახურებდნენ. პარიზელთა გულშემატკივრები და თავად კლუბი იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ. არ ვიცი, მოხდება თუ არა ეს 31 მაისს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ ათწლეულში პარიზი ერთზე მეტ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მოიგებს. მზად ვარ ეს ვთქვა მაშინაც კი, თუ მწვრთნელი აღარ ვიქნები, რათა ვაჩვენო, რომ ამას პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიძახი. იმედია, ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც ისტორიას დაწერს, რადგან სწორედ ეს იყო ჩვენი მოტივაცია პარიზში ფეხის დადგმის პირველივე წუთიდან.
ყველაზე დიდ მოტივაციას პარიზთან ერთად ახალი ისტორიის შექმნა მაძლევს, სწორედ ეს არის ის, რისთვისაც აქ ჩამოვედი - მათთვის ჩემპიონთა ლიგის პირველი ტიტულის მოგება. პირველი ტიტული ყოველთვის ყველაზე რთულია. ეს ესპანეთის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მსგავსია. ვიღაცამ უნდა გააღოს კარი და თქვას - „ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება! თუ ჩვენ შევძლებთ, შემდეგ იმავეს მომავალი თაობაც გაიმეორებს“.
თამაშის სცენარი ინტერთან?
როდესაც ფინალში ერთი გოლი გადის, შემდეგ ჩამორჩენილი გუნდი ჩვეულებრივზე მეტად გარისკავს, რაც მთლიანად ცვლის თავდაპირველად დასახულ სტრატეგიას. ის ყოველთვის იცვლება. ეს იქნება გახსნილი ფინალი, სადაც შანსები ორივე გუნდს ექნება და გოლის გატანა ორივეს შეუძლია. შედეგი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად ისე, როგორც ინტერისა და ბარსელონას მატჩში მოხდა.
ინტერი ჩვენზე გამოცდილი გუნდია - ფინალში ორი წლის წინ ითამაშეს. გამოცდილი გუნდია შესანიშნავი მწვრთნელით, რომელმაც უკვე იცის როგორია ასეთი მატჩების თამაში, თანაც იმ გუნდით, რომელიც ბურთს კარგად ფლობს და თავსაც ძალიან კარგად იცავს. ეჭვგარეშეა, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა დაიმსახურეს.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ინტერს“ შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირება 31 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე მიუნხენში გაიმართება.