“სინერის ადვოკატი ავიყვანე და სიმართლე დავამტკიცე“ - ბითაძე წყალბურთს უბრუნდება
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ანდრია ბითაძე უკანასკნელი წლების განმავლობაში სპორტის ამ სახეობაში ჩვენი ქვეყნის პროგრესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია და როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე უამრავი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს გამართული. 2024 წლის ოქტომბერში მოხდა დოპინგთან დაკავშირებული ერთი ინციდენტი, რომელსაც ამ გადმოსახედიდან თავისუფლად შეიძლება გაუგებრობაც ეწოდოს, რის გამოც მისი კარიერა საგრძნობლად შეფერხდა.
ფეხზე გაუსაძლისი ტკივილის გამო, ერთი წლის წინ, ანდრიამ აფთიაქში იყიდა მალამო, რომელიც როგორც შემდგომში აღმოჩნდა აკრძალულ ნივთიერებას კლოსტებოლს შეიცავდა, რაც ერთ-ერთი მატჩის დასრულების შემდგომ ჩატარებული დოპინგ-შემოწმების დროს დადასტურდა. ამ ყველაფრის შესახებ თავად ბითაძემ Crystalsport-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად ისაუბრა.
ანდრია ბითაძე
იტალიის ჩემპიონატში „ორტეჯაში“ ასპარეზობისას, გასული წლის ოქტომბერში „ბრეშიასთან“ თამაშის დასრულების შემდეგ დოპინგზე შესამოწმებლად გამიყვანეს. აქედან სამ კვირაში კი, ზუსტად მახსოვს საბერძნეთის „ვულიაგმენთან“ გვქონდა მატჩი, როდესაც მაცნობეს, რომ ჩემს სისხლში აკრძალული ნივთიერება კლოსტებოლი აღმოჩნდა.
ეს ზუსტად ის ნივთიერებაა, რაც იანიკ სინერს აღმოუჩინეს და გადავწყვიტე ზუსტად ის ადვოკატი ამეყვანა, რომელიც იტალიელი ჩოგბურთელის უფლებებს იცავდა. ჩემმა იურისტმა ბევრი იმუშავა და დავამტკიცეთ, რომ ეს უბრალო მალამო იყო, რომელიც კლოსტებოლის მიკროგრამებს შეიცავდა. შესაბამისად, ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ, 4-წლიან სასჯელს გადავურჩი და მხოლოდ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მომცეს. არსებული მოცემულობით, ვარჯიშის განახლების უფლება 15 ოქტომბრიდან მომეცემა, თამაშს კი 15 დეკემბრიდან დავიწყებ.
ვიცი, ბევრს გაუჩნდება შეკითხვა, თუ იგივე ნივთიერება აღმოჩნდა ჩემს ორგანიზმში, რატომ მისცეს სინერს მხოლოდ 3-თვიანი, ხოლო მე ერთწლიანი სასჯელი. საქმე იმაშია, რომ იანიკმა ეს ყველაფერი ფიზიოთერაპევტის რჩევით მიიღო, მე კი აფთიაქში თავად ჩავედი და მსგავსი რამ საკუთარი დაუდევრობით მომივიდა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, თამაშს დეკემბერში განვაახლებ და მიხარია, რომ იანვარში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დახმარების საშუალება მომეცემა. ვიცი, რომ წინა კონტინენტის პირველობაზე და პარიზის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ ვაჩვენეთ ისეთი შედეგები, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა, მაგრამ ეს ყველაფერი სპორტის ნაწილია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე კარგი იქნება თუ ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის ადგილს დავიმკვიდრებთ, დანარჩენზე კი ეტაპობრივად უნდა ვიფიქროთ.
გარკვეული ნაბიჯები იდგმება საქართველოში წყალბურთის განვითარებისთვის და ეს მახარებს. მაგალითად თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ იმ უამრავ აუზს შორის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მინახავს, ქუთაისში ახლახანს გახსნილი აუზი ერთ-ერთი საუკეთესოა. ასევე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ჩემპიონატიც კიდევ უფრო კონკურეტუნარიანი იქნება, რადგან ვიტო აბდუშელიშვილი „სპორტ მენეჯმენტის“ სახით ისეთ კლუბს აყალიბებს, რომელიც არამარტო შიდა ჩემპიონატში გაუწევს სერიოზულ წინააღმდეგობას „დინამოს“, არამედ უახლოეს წლებში ევროთასის მოგებაზეც განაცხადებს პრეტენზიას.
ცნობისათვის, ანდრია ბითაძემ განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ „ორტეჯასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა, ხოლო თუ სად განაგრძობს კარიერას, წყალბურთში დაბრუნების შემდეგ, ამის შესახებ ჯერჯერობით კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეუძლია.