მაგარი ამბავი | ლაშა გურული უსიკი vs დუბუას ღონისძიებაზე იჩხუბებს
19 ივლისს, ლონდონში მდებარე უემბლის სტადიონზე, ოლექსანდრ უსიკი მძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრებს დაიცავს და დანიელ დუბუას დაუპირისპირდება. დუბუასა და უსიკის დაპირისპირება 2025 წლის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენაა და კრივის გულშემატკივრები მას მოუთმენლად ელოდებიან.
„თეთრი კურდღელისა“ და „დინამიტის“ ღონისძიებაზე ქართველ მოკრივესაც ვიხილავთ და რინგზე ლაშა გურული გავა. გურულმა ეს ინფორმაცია თავად გაავრცელა და Facebook-ის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.
„შემდეგი ჩემი ბრძოლა უსიკისა და დუბუას ღონისძიებაზე იქნება. ღონისძიება ჩემი ბრძოლით გაიხსნება და ოპონენტის ვინაობას უახლოეს მომავალში გავიგებთ“, - წერს გურული.
შეგახსენებთ, რომ გურულს პროფესიონალურ დონეზე 1 ჩხუბი აქვს გამართული. 2025 წლის მარტში, ლაშა ბერნარდ აბის დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.