„მსაჯმა მითხრა, რომ წესი არ იცოდა“ | მესის კომენტარი საკამათო ეპიზოდზე
ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ ბოლო სამი შეხვედრიდან მეორე წააგო. გამთენიისას, არგენტინელი სუპერვარსკვლავის გუნდი „ორლანდო სითის“ დაუპირისპირდა და საკუთარ კედლებში გამართულ მატჩში 0:3 განადგურდა.
თამაშის მიმდინარეობისას იყო მომენტი, რომელმაც „ლა პულგას“ აღშფოთება გამოიწვია. მატჩის 43-ე წუთზე, „ორლანდო სითის“ მეკარემ, პედრო გალესიმ ბურთი ხელებში მას შემდეგ აიღო, რაც მისმა თანაგუნდელმა ფეხით ითამაშა, რამდენიმე წამის შემდეგ კი საგოლე გადაცემა გააკეთა და მისი პასით ლუის მურიელმა გაიტანა.

საფინალო სასტვენის შემდეგ, მესიმ ამ მომენტზე ისაუბრა და აღნიშნა: „უცნაური ეპიზოდი იყო. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მეკარეს პასი მისცა, მან კი ბურთი ხელებში აიღო. მსაჯმა თვითონ მითხრა, რომ წესი არ იცოდა და ვერ გაიგო, რა მოხდა. თავს არ ვიმართლებთ, მაგრამ კონკრეტულ ეპიზოდებში, მსაჯებთან მიმართებით ყოველთვის რაღაც ხდება. ვფიქრობ, MLS-ი არბიტრებთან დაკავშირებულ პრობლემებს უფრო ყურადღებით უნდა მოეკიდოს“.
ცნობისთვის, „ინტერ მაიამის“ 22 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეექვსე პოზიციას იკავებს. მესის გუნდი მომდევნო შეხვედრას 25 მაისს, „ფილადელფია უნიონს“ დაუპირისპირდება.