„თოფურიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ქამარი ვაკანტური გახადა“ - ჰენრი სეხუდო
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ ისლამ მახაჩევის ქვესაშუალო წონით დივიზიონში გადასვლის გადაწყვეტილება შეაფასა.
„არსებობს განსხვავება ორი წონის ჩემპიონსა და ორმაგ ჩემპიონს შორის, რომელიც ერთდროულად ორ ქამარს ფლობს. ამ მიღწევით მხოლოდ რამდენიმე მებრძოლი თუ დაიტრაბახებს - კონორ მაკგრეგორი, ამანდა ნუნიესი, დანიელ კორმიე და მე. UFC ორმაგ ჩემპიონებს არ წყალობს. ალექს პერეირამ და ჯონ ჯონსმა ერთდროულად ორი ქამარი ვერ მოიპოვეს.
ეს განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც შეგიძლია ერთ მხარზე ერთი ქამარი ჩამოიკიდო, მეორეზე კი მეორე. ამიტომ ილია თოფურიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ქამარი ვაკანტური გახადა. მას მეორე ქამრისთვის უნდა ეჩხუბა, თუნდაც იმისთვის, რომ შემდეგ ორი ქამრით ფოტო გადაეღო. იგივე შეიძლება ვთქვათ ისლამ მახაჩევზეც. მოიგე მეორე ქამარი და გახდი ექსკლუზიური კლუბის წევრი!“ - განაცხადა ჰენრი სეხუდომ.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც ბელალ მუჰამედი ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდაა და საჩემპიონო ქამარს დაემშვიდობა, ისლამ მახაჩევმა მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური გახადა და დელა მადალენასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.
ამასთანავე, მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლაში UFC-მ ერთმანეთს ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა დაუპირისპირა. ამ სატიტულო ჩხუბს მაყურებელი 28 ივნისს (თბილისის დროით 29 ივნისს), UFC 317-ზე იხილავს.