„ფინალს თუ წავაგებთ, ნამდვილი ტრაგედია მოხდება“ - როი კინი იუნაიტედის მდგომარეობაზე
ინგლისის პრემიერ ლიგის XXXVII ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „ჩელსისთან“ (0:1) დამარცხდა და „მანკუნიანელებისთვის“ ეს წლევანდელ ჩემპიონატში რიგით მე-18 წაგება იყო, რითაც კლუბის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარეს. ბუნებრივია, საყვარელი გუნდის მსგავს მდგომარეობაში ხილვა რთულია როი კინისთვის და „წითელი ეშმაკების“ ლეგენდარულმა ირლანდიელმა კაპიტანმა ერთ-ერთი ბრიტანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა:
„მოდით დავფიქრდეთ და მითხარით, რა პლუსები გააჩნია ამ ფორმაციის „მანჩესტერ იუნაიტედს“? სხვადასხვა გუნდებს სხვადასხვა კომპონენტებით გამოარჩევენ. ზოგი ტექნიკურად თამაშობს, არის ისეთი, რომელსაც კარგი და ცუდი პერიოდები აქვს, ზოგი დაცვითი ფეხბურთის მიმდევარია. აი „მანიუს“ ვუყურებ და ვერ ვხვდები, რა დადებითი მხარეები აქვს.
იმ შემთხვევაში თუ ევროპა ლიგის ფინალს ვერ მოვიგებთ, ნამდვილი ტრაგედია მოხდება და არ დარჩება მსოფლიოში კარგი ფეხბურთელი, რომელსაც კარიერის „მანჩესტერში“ გაგრძელების სურვილი ექნება. არა მგონია, ფანები განსაკუთრებით გაბრაზებულები იყვნენ, რადგან ისინი წლიდან წლამდე შემგუებლები გახდნენ და რუბენ ამორიმს დაემსგავსნენ, რომელიც ყველა პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ ამ გუნდს მეტი არ შეუძლია“.
37 ტურში დაგროვებული 39 ქულით „მანჩესტერი“ სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და უკვე ცნობილია, რომ ეს სეზონი პრემიერ ლიგაში „იუნაიტედის“ ისტორიაში უცუდესი იქნება. ოთხშაბათს, 21 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში „მანკუნიანელები“ ბილბაოში „ტოტენჰემს“ შეხვდებიან, ხოლო ინგლისის წლევანდელ ჩემპიონატს 25 მაისს, „ასტონ ვილასთან“ საშინაო თამაშით დაასრულებენ.