პარაძიუდოისტების ისტორიული შედეგი - ბრინჯაო გუნდურ შეჯიბრებაში
საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მედლის გარეშე არც შეჯიბრების ბოლო დღეს არ დაასრულა. ქართველმა პარასპორტსმენებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უზბეკეთის გუნდი 4:1 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გუნდურ შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის სახელით გიორგი ქალდანი, საბა ბაღდავაძე, რევაზ ჩიკოიძე, ბაჩუკი შელია, ზურაბ ზურაბიანი, გიორგი ბერიძე და გოგიტა ტერუნაშვილი ასპარეზობდნენ. მათგან გამარჯვება ქალდანმა, ბაღდავაძემ და ჩიკოიძემ მოიგეს, მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში კი შელიამ კარიმჯონოვს აჯობა. შედეგი თავისთავად ისტორიულია, რადგან პარაძიუდოში გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი პირველად დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, რომ ასტანაში გამართულ ტურნირზე მსოფლიოს ჩემპიონი სამი ქართველი პარაძიუდოისტი, გიორგი ქალდანი, საბა ბაღდავაძე და ზვიად გოგოჭური გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედალს რევაზ ჩიკოიძე და ზურაბ ზურაბიანი დაეუფლნენ.