უნივერსიტეტში გამოცდები აქვს | რატომ თქვა პროხაზკამ ჩხუბზე უარი
ირჟი პროხაზკა UFC-ის ქვემძიმე წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. ჩეხმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი გლოვერ ტეიშეირას დამარცხებით დაისაკუთრა, შემდეგ კი ტიტული ალექს პერეირასთან დაპირისპირებაში დაკარგა.
პროხაზკამ ბოლო ბრძოლა ჯამაჰალ ჰილის წინააღმდეგ გამართა და როგორც გაირკვა, UFC-იმ წინადადებით მიმართა, ოქტაგონზე ზაფხულში დაბრუნებულიყო. ორგანიზაციამ პროხაზკას UFC 317-ზე ჩხუბი შესთავაზა, რომელიც თბილისის დროით, 29 ივნისს არის ჩანიშნული, მაგრამ ირჟიმ უარი უცნაური მიზეზის გამო განაცხადა.
„ჩხუბთან დაკავშირებით, ერთი წინადადება გვქონდა, მაგრამ ყველაფერი სწავლის გამო გადაიდო. როგორც კი ირჟი გამოცდებს დაასრულებს, მოლაპარაკებები გაგრძელდება“, - განაცხადა პროხაზკას მწვრთნელმა, მატინ კარაივანოვმა.
ჩეხი მებრძოლი ბრნოში მდებარე უნივერსიტეტში სწავლობს და გამოცდები ივნისის ბოლოს აქვს. ირჟი უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კვლევის პროგრამას გადის და მაგისტრატურაზე სწავლობს. როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის, მისთვის სწავლაზე წინ არაფერი დგას.