„მსოფლიოს მოსაგებად განაცხადი გავაკეთეთ“ - ბრაზილიამ ანჩელოტის დანიშვნა დაადასტურა
მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი, კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაცია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა.
იტალიელი სპეციალისტი „სელესაოს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 26 მაისიდან ჩაიბარებს და გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე გაუძღვება. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის გვერდზე ფედერაციის პრეზიდენტის, ედნალდო როდრიგესის კომენტარიც ვრცელდება, სადაც ანჩელოტისთან ერთად გუნდის მიზნებზე საუბრობს.
რას ამბობს როდრიგესი:
„ბრაზილიის ნაკრებში კარლო ანჩელოტის მოყვანა სტრატეგიულ ნაბიჯზე მეტია. ეს არის განაცხადი მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ადგილის დაბრუნება. ანჩელოტი ისტორიაში უდიდესი მწვრთნელია და ახლა, პლანეტის უდიდეს ეროვნულ ნაკრებს უხელმძღვანელებს. გვჯერა, რომ ერთად ბრაზილიური ფეხბურთისთვის ახალ, დიდებულ თავებს დავწერთ“.
შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად მეორე ვადით 2021 წელს დაინიშნა, მანამდე კი „სამეფო კლუბს“ 2014-2016 წლებშიც წვრთნიდა. ანჩელოტიმ მადრიდელებთან ერთად სამჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, მანამდე კი უდიდესი ევროპული საკლუბო ჯილდო ორჯერ მილანთან ერთადაც მოიგო.