„ქედმაღალი ადამიანია“ | პანდიანიმ რონალდუ გააკრიტიკა და მოურინიოს ქცევა გაიხსენა
„ოსასუნას“, „დეპორტივოსა“ და „ესპანიოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ვალტერ პანდიანიმ, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. პანდიანიმ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა და მას ქედმაღალი ადამიანი უწოდა.
„ელ სადარზე კონფლიქტი რონალდუსთან? სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრები ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილი. როგორც კი კრიშტიანუ გასახურებლად გავიდა, მას სტვენა დაუწყეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამან რონალდუ ძალიან გააბრაზა. ჯარიმებზე ვარჯიშობდა, მაგრამ ბურთს კარს კი არა, ხალხს უმიზნებდა. ის თამაში უაღრესად დაძაბულ სტილში ზუსტად ამიტომ დაიწყო.
რეალის სასარგებლოდ დადებული ერთ-ერთი ჯარიმისას რონალდუმ ჩემს თანაგუნდელს ხელი ჰკრა. როდესაც ის დავიცავი და კრიშტიანუს ხელი ვკარი, მითხრა, ვინ ვიყავი და რამხელა ხელფასი მქონდა. დაპირისპირება გასახდელში გაგრძელდა და საქმეში სერხიო რამოსიც ჩაერთო.
ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი. კრიშტიანუს დამოკიდებულება საერთოდ არ მომეწონა. გოლების გატანა საოცრად გამოსდის, მაგრამ ქედმაღალი ადამიანია. ამის შემდეგ, ჩემთან ჟოზე მოურინიო მოვიდა და მითხრა, რომ ლა ლიგაში ნათამაშები 11 წლის შემდეგ, უფასო რეკლამას ვეძებდი. ეს ძალიან უსიამოვნო იყო.“
შეგახსენებთ, რომ „ელ სადარი“ „ოსასუნას“ სტადიონია და პანდიანი პამპლონელთა რიგებში 2007-11 წლებში თამაშობდა. მან 92 მატჩი ჩაატარა და 27 გოლი შეაგდო.