ახალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები - ძალოსნობის ფედერაციას ლაშა ტალახაძე უხელმძღვანელებს
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ამ თანამდებობაზე ერთი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი მეორე სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ შეცვალა. სასტუმრო „ჰუალინგში“ გამართულ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობას 60 დელეგატიდან 55 ესწრებოდა და ტალახაძემ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს.
ახალი პრეზიდენტის არჩევის გარდა, დღევანდელ ყრილობაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტებად კახი კახიაშვილი, ირაკლი თურმანიძე და ნოდარ სირბილაშვილი დაამტკიცეს. ასევე დამტკიცდა გამგეობის 15-კაციანი შემადგენლობა და მუდმივმოქმედი და დისცპლინარული კომისიის წევრები. თავად ტალახაძემ კი აღნიშნა, რომ ქართული ძალოსნობისთვის სარგებლის მოტანას ახალი ამპლუიდან შეეცდება და უდიდესი ალბათობით, სპორტსმენის კარიერას აღარ განაახლებს.
კახი კახიაშვილი საქართველოს ძალოსნობას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა და მისი პრეზიდენტობის პერიოდში წლის საუკეთესოდ ეს ფედერაცია რამდენჯერმე აღიარეს. რაც შეეხება ტალახაძეს, ის სამგზის ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელი და როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია.