“ცოტა დრო გვაქვს“ - მალდერა საქართველოსთან მატჩამდე გრაფიკით უკმაყოფილოა
Aa
Aa

“ცოტა დრო გვაქვს“ - მალდერა საქართველოსთან მატჩამდე გრაფიკით უკმაყოფილოა

უნგრეთის წინააღმდეგ ბუდაპეშტში მოპოვებული 1:0 გამარჯვების შემდეგ უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა მალდერამ პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა და საქართველოსთან მომავალ მატჩზეც გააკეთა კომენტარი.

მალდერა:

„ძალიან ემოციური ვარ და ამაყი. ჩვენმა ბიჭებმა წარმოუდგენელი რამ გააკეთეს. მათ ძალიან რთული ცხოვრება აქვთ და საოცარია, როგორ იხარჯებიან თითოეულ შეხვედრაში. მხოლოდ ფეხბურთზე საუბარი ჩემი ემოციების სრულად გადმოსაცემად საკმარისი არ არის.

გამოწვევა მხოლოდ თამაშებში არ მდგომარეობს. საქმე ეხება სავარჯიშო პროცესის დაგეგმვასა და არსებული რესურსების სწორად მართვასაც. ვფიქრობ, ეს ყველა მთავარი მწვრთნელისთვის რთული პროცესია. ჩვენთვისაც ახალი გამოცდილებაა და ვცდილობთ, სიტუაციას მოვერგოთ.

ასეთ დატვირთულ გრაფიკთან გამკლავება ძალიან რთულია, როდესაც მატჩები ერთმანეთის მიყოლებით ტარდება. ზოგიერთ ნაკრებს, მაგალითად გერმანიას, ფაქტობრივად, ორი განსხვავებული შემადგენლობის დაკომპლექტების შესაძლებლობა აქვს. თუ სწორად მახსოვს, იტალიამ 34 ფეხბურთელი გამოიძახა.

მაგალითად, ხვალ დილით ვარჯიში გვაქვს, შუადღისას კი უკვე გამგზავრება მოგვიწევს. თბილისში მივდივართ და მატჩამდე მხოლოდ ორი დღე გვრჩება. სამწუხაროდ, ენერგია იკლებს — ეს ობიექტური რეალობაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ფეხბურთელებმა ძალების აღდგენა შეძლონ და მომდევნო შეხვედრას სათანადო ფორმაში და მზადყოფნაში შეხვდნენ“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 წააგო, რასაც ვილი სანიოლის გათავისუფლება მოყვა. ფრანგი სპეციალისტი რამაზ სვანაძემ ჩაანაცვლა.

ცნობისთვის, საქართველოს და უკრაინის მომავალი დაპირისპირება 28 ოქტომბრით თარიღდება და 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები