ტედი შერინგემი, ენდი კოული
Aa
Aa

ამ გუნდს კინი სჭირდება - ვეტერანები იუნაიტედის კრიზისზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წლევანდელი ასპარეზობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და თუ ვინმეს იმედი ჰქონდა, რომ ერიკ ტენ ჰაგის წასვლა სიტუაციას რეალურად გამოასწორებდა, ყველაფერი სხვანაირად მოხდა. რუბენ ამორიმი საკუთარი სამწვრთნელო შესაძლებლობების იმის ათ პროცენტსაც ვერ აჩვენებს, რის დემონსტრირებასაც ლისაბონის „სპორტინგში“ ახდენდა, რის გამოც უკვე მის წასვლაზეც დაიწყო საუბარი.

მართალია, ევროპა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში „წითელმა ეშმაკებმა“ სან სებასტიანში „სოსიედადთან“ საბრძოლო ფრეს მიაღწიეს და ამ ტურნირის მოსაგებად იბრძვიან, მაგრამ პრემიერ ლიგაში „იუნატედის“ ასპარეზობა რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია. რაში მდგომარეობს მთავარი პრობლემა და რა არის გამოსავალი, ამის თაობაზე The Sun-ში ვეტერანი „მანჩესტერელების“, ენდი კოულისა და ტედი შერინგემის კომენტარები გამოქვეყნდა.

ენდი კოული

მირჩევნია ჩემი ამპლუის ფეხბურთელებზე ვისაუბრო. თავის დროზე მე ძალიან გამიმართლა, რადგან როდესაც „იუნაიტედში“ მივედი, დამხვდნენ მოთამაშეები, რომელთაგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ამ მხრივ კი, რასმუს ჰოილუნდსა და ჯოშუა ზირკზეს აშკარად არ უმართლებთ. ვისგან უნდა ისწავლონ ამ ახალგაზრდებმა რამე, ან ვინ უნდა იყოს მათთვის მაგალითის მიმცემი?

მეც რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი, ბურთების გატანა ძალიან გამიჭირდებოდა. ვუთანაგრძობ როგორც ფორვარდებს, ასევე რუბენ ამორიმსაც. მას სურს გუნდი თავის თარგზე მოჭრას და ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.

ტედი შერინგემი

იცით, როგორ სჭირდება ახლა ამ ფორმაციის „მანჩესტერ იუნაიტედს“ როი კინი? მთავარი მწვრთნელის ამპლუაშიც ვამბობ და მოთამაშის როლშიც. გუნდს ლიდერი არ ჰყავს. არადა, არამხოლოდ თანამედროვე ფეხბურთში, არამედ ყოველთვის ყველა კლუბში საჭირო გახლდათ ჯონ ტერის, ტონი ადამსისა და როი კინის ტიპის ფეხბურთელები, რომლებიც თანაგუნდელებს გაუძღვებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში სათანადო შენიშვნებსაც მისცემდნენ. ამორიმს ჩემგან დიდი პატივისცემა, მაგრამ ამ „მანიუს“ სწორედ კინი სჭირდება.

28 ტურის შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ანგარიშზე 33 ქულაა, გუნდი მეთოთხმეტე პოზიციაზე იმყოება და ლიდერ „ლივერპულს“ 34 ქულით ჩამორჩება. ხვალ გუნდს პრინციპული მატჩი ელის - „ოლდ ტრაფორდზე“ „წითელი ეშმაკები“ „არსენალს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იმას, რასაც აქ ვაშენებთ, მომავალში აუცილებლად ექნება შედეგი“ - ამორიმი
„იმას, რასაც აქ ვაშენებთ, მომავალში აუცილებლად ექნება შედეგი“ - ამორიმი