„ქართველებზე მეტი ვარსკვლავი გვყავს, სანიოლის 5-3-2-იც უნდა გამოვიყენოთ“
უკრაინა საქართველოს მატჩამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. უკვე საკმაოდ ბევრმა ექსპერტმა, თუ ვეტერანმა ფეხბურთელმა გამოთქვა თავისი მოსაზრება მოახლოებულ დაპირისპირებაზე. ამჟამად ყოფილი მწვრთნელი და ამჟამად მიმომხილველი ოლეგ ფედორჩუკი ვილი სანიოლის გუნდზე საინტერესო მოსაზრებას აფიქსირებს.
„სწორად არ მიმაჩნია, რომ მატჩის წინ ჩვენი პრესა დანაკლისზე ამახვილებს ყურადღებას. მთლად ასეთი რთული ვითარებაც არ არის. საქართველოსთან მატჩისთვის გუნდის დახმარება მხოლოდ ვიტალი მიკოლენკოს, ვიქტორ ციგანკოვს და ვლადიმირ ბრაჟკოს შეეძლოთ. დანარჩენი მოთამაშეები როტაციაში განიხილებიან და მათ დიდ დანაკლისს ვერ ვუწოდებ.
ამჟამად ჩვენ ვარსკვლავური პროფილის მქონე 5-6 მოთამაშე გვყავს, საქართველოს კი მხოლოდ 2 ჰყავს - კვარაცხელია და მამარდაშვილი.
მე უპირატესობას ჩვენს გუნდს ვანიჭებ. ქართველების ტაქტიკა საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ვილი სანიოლი გუნდს უკვე სამი წელია 5-3-2 სქემით ათამაშებს. ეს ტაქტიკა სანახაობრივი ფეხბურთის თამაშის გარანტიას არ იძლევა, თუმცა ის საკმაოდ ეფექტურია. ქართველებს საიმედო დაცვა ჰყავთ და კონტრშეტევაზე სწრაფად გადადიან. ეს სქემაც ამაზეა გათვლილი.
იმედი მაქვს, სერგეი რებროვმა იცის რა უნდა გააკეთოს. სამწვრთნელო ჭიდილზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ქართველები ბოლო დროს მართლაც სტაბილურად გამოიყურებიან, მაგრამ უკრაინას მეტი პოტენციალი აქვს და უფრო დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს“.
- ციტირებს ფედორჩუკის სიტყვებს უკრაინული Sport-ი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინა საქართველოს დაპირისპირება 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება (22:45).