ოთარ ფარულავას საოცარი გოლი | დილამ იბერია 1999 დაამარცხა და ფინალშია
საქართველოს სუპერთასის ნახევარფინალში, „დილა“ „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდა. მატჩი გორელთა გამარჯვებით დასრულდა და დიეგო ლონგოს გუნდმა ფინალის საგზური მოიპოვა - 3:1.
შეხვედრაში „იბერია 1999“ დაწინაურდა. მე-19 წუთზე, იური ტაბატაძემ შესანიშნავად იმოქმედა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. „დილამ“ წონასწორობა რამდენიმე წამში აღადგინა. აბუბაქარ კონტეს ჩაწოდებით დეო ბასინგამ ისარგებლა და პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში, ოთარ ფარულავამ ორი გოლი შექმნა. 61-ე წუთზე, ფარულავა მეტოქის საჯარიმოში წააქციეს და პენალტი დაინიშნა, რომელიც ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიყენა. 79-ე წუთზე კი, ოთარმა შედევრი შემოგვთავაზა და „იბერია 1999“-ის კარი ბრწყინვალე გასროლით აიღო.
ამრიგად, „დილა“ „სპაერისა“ და „ტორპედოს“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდა. მისი მომდევნო მეტოქის ვინაობა 27 ივნისს გაირკვევა.