„ოქტომბერში საბოლოოდ დავასრულებ“ - ანკალაევის ბოლო გამოწვევა პერეირას
მაგომედ ანკალაევისა და ალექს პერეირას შორის დაძაბული ურთიერთობა მარტში გამართული ქვემძიმე წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბით არ დასრულებულა. ბრძოლის დამთავრების შემდეგ, ბრაზილიელი მედიის წარმომადგენლებთან იშვიათად ჩნდებოდა, ხოლო დაღესტნელი „პოატანის“ მიმართ ირონიულ დამოკიდებულებას იჩენდა და ხშირად აღნიშნავდა, რომ ბრაზილიელი მასთან რემატჩისთვის მზად არ იყო. ანკალაევის პათოსი ახლაც არ არის დიდად შეცვლილი, რაზეც მისი კომენტარიც მეტყველებს:
„UFC-ის ხელმძღვანელებისგან საბოლოო დასტური არ მიმიღია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ 90 პროცენტით ეს საკითხი გადაწყვეტილია. ჩემსა და ალექს პერეირას შორის რემატჩი ოქტომბერში შედგება და ამ ბრძოლაში მე როგორც მას, ასევე მის კარიერას დავასრულებ. ამის შემდეგ კი, უკვე ახალი გამოწვევებისთვის მოვემზადები, რომელიც წესით და რიგით ქვემძიმე დივიზიონში საკმარისზე მეტი უნდა მქონდეს“.
შეგახსენებთ, რომ მაგომედ ანკალაევსა და ალექს პერეირას შორის პირველი ორთაბრძოლა მარტში გაიმართა, დაღესტნელმა მებრძოლმა სამხრეთ ამერიკელი ხუთ რაუნდში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.