ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ჯოკოვიჩი ოლიმპიადაზე საეჭვოა - ექიმი პროგნოზს ვერ აკეთებს

უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ 2024  ნოვაკ ჯოკოვიჩის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო წელია. 37 წლის სერბმა ჩოგბურთელმა იანვრიდან მოყოლებული ერთი ტურნირიც ვერ მოიგო, როლან გაროსიდან კი მუხლის ტრავმის გამო ჩაეხსნა და პრობლემა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ოპერაციის გაკეთება მოუწია.     

ქირურგიულ ჩარევამდე უკვე ცნობილი იყო, რომ ნოლეს უიმბლდონის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა ახლა უკვე დღის წესრიგში შესაძლოა მისი ოლიმპიადის მიღმა დარჩენაც დადგეს. ამის თაობაზე მისი ექიმი ანტუან ჟერომეტი, რომელმაც მას ოპერაცია გაუკეთა, ზუსტ პროგნოზს ვერ აკეთებს. ის აცხადებს, რომ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ესაუბრა პარიზის ოლიმპიადაზე თამაშზე მეოცნებე ჯოკოვიჩს და გასაგებად აუხსნა, რომ ყველაფერი მის ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული. ბუნებრივია, სარეაბილიტაციო კურსის მსვლელობისას დატვირთვებს გაუზრდიან, მაგრამ მისი მხრიდან იმის თქმა, რომ ლეგენდსრული სპორტსმენი სამ კვირაში სრული დატვირთვით ვარჯიშსა და ჩოგბურთის თამაშს შეძლებს, არასერიოზული საქციელი იქნება.

დიდი სლემის ტურნირების 24-გზის მფლობელმა სერბმა ჩოგბურთელმა, რომელიც ამ მხრივ მსოფლიოს ყველა დროის რეკორდსმენია, 2024 წელს საუკეთესო შედეგები ავსტრალიის ღია პირველობასა და მონტე კარლოს მასტერსზე აჩვენა, სადაც ნახევარფინალებში გავიდა, დანარჩენ შეჯიბრებებიდან კი ნაადრევ ეტაპზე გამოეთიშა. ჯოკოვიჩს კარიერის მანძილზე დიდი მუზარადის ტურნირებიდან ყველაზე მეტჯერ 10-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა აქვს მოგებული, როლან გაროსზე, უიმბლდონსა და ამერიკის ღია პირველობაზე კი ჩემპიონი 3-ჯერ, 7-ჯერ და 4-ჯერ გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოპერაცია სჭირდება - ჯოკოვიჩი უიმბლდონს გამოტოვებს
ოპერაცია სჭირდება - ჯოკოვიჩი უიმბლდონს გამოტოვებს