მარკ კოულმანი
Aa
Aa

მარკ კოულმანის გმირობა | MMA-ის ლეგენდა, რომელმაც მშობლები სიკვდილს გადაარჩინა

მარკ კოულმანი UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის პირველი ჩემპიონია. მან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა და 2008 წელს, UFC-ის დიდების დარბაზში შეიყვანეს. კოულმანს კარიერაში ბევრი გამორჩეული მომენტი ჰქონია და ახლახან, მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. განსხვავება ისაა, რომ ამჯერად, ყველაფერი კინაღამ მისთვის ფატალურად დასრულდა...

კოულმანი მშობლებს სტუმრობდა, როცა მათ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო დეპარტამენტის მიხედვით, ხანძრის კერა სამზარეულოში იყო და ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მარკს ეძინა. ის როტვეილერის ჯიშის ძაღლმა, „ჰამერმა“ გააღვიძა. კოულმანს ბევრი არ უფიქრია და მშობლები ცეცხლმოკიდებული სახლიდან უსაფრთხოდ გაიყვანა, რის შემდეგაც, უკან დაბრუნდა, რათა „ჰამერი“ გადაერჩინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა... კოულმანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და კვამლით მოიწამლა, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მარკი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

„ჩვენი მამა ყოველთვის ჩვენი გმირი იყო და უძვირფასესი ადამიანია. ის მებრძოლი იყო და ყოველთვის ასე იქნება. ის ყველაზე ძლიერი და მამაცი ადამიანია მათ შორის, ვისაც ვიცნობ და ახლა სიკვდილს ებრძვის. გთხოვთ, მისთვის და ჩვენი ოჯახისთვის ილოცოთ“, - დაწერა მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კოულმანის შვილმა, მორგანმა სოციალურ ქსელში.

MMA-ის ლეგენდამ ბოლომდე იბრძოლა და მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა. მოგვიანებით, მან მომხდარზე ისაუბრა და განაცხადა: „მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ახლა აქ ვიმყოფები. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვარ. ჩემი ფილტვები საშინელ მდგომარეობაშია, თვალები დამწვარი მაქვს, მაგრამ ცოცხალი ვარ და თავს კარგად ვგრძნობ.

როცა გამეღვიძა და კართან მივედი, სახლში უკვე საშინელი ვითარება იყო და ვერ ვსუნთქავდი. არ მჯერა, რომ ჩემი მშობლები გამოვიყვანე და ძალიან ვწუხვარ, რომ ჰამერი ვერ გადავარჩინე. მადლობა უდიდესი მხარდაჭერისთვის. ნეტავ, თითოეულ თქვენგანთან ჩახუტება შემეძლოს“, - განაცხადა კოულმანმა საავადმყოფოს დატოვების შემდეგ.

საშინელი ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 59 წლის მებრძოლი სპორტდარბაზში დაბრუნდა და ვარჯიშიც განაახლა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მისი გაყიდვა ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“ | ესპანური გამოცემა მამარდაზე
„მისი გაყიდვა ქომაგების გულებში დანის ჩაცემა იქნება“ | ესპანური გამოცემა მამარდაზე