„გარი ჯანდაბაშიც წასულა“ - მორალესმა შავკატი მოითხოვა
მოვლენები ისე ვითარდებოდა, რომ UFC-ის ქვესაშუალო დივიზიონში ისლამ მახაჩევსა და კარლოს პრატესს შორის საჩემპიონო ბრძოლის პარალელურად, მაიკლ მორალესისა და იან მაჩადო გარის დაპირისპირებაც უნდა ჩანიშნულიყო, თუმცა ყოველივე ეს თავად ეკვადორელმა მებრძოლმა კატეგორიულად გამორიცხა. მორალესმა სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, სადაც დივიზიონის ყველა საუკეთესო სპორტსმენს შეეხო და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
მაიკლ მორალესი
ისლამ, მას შემდეგ რაც ჩემს დივიზიონში მოხვედი და საჩემპიონო ქამარი მოიპოვე, გამუდმებით შენთან ჩხუბს ვითხოვ. კარგად იცი ვინც ვარ და იმასაც ხშირად აღნიშნავ, რომ დანარჩენებს აღვემატები. მახსოვს ამბობდი, რომ სანამ შენ დაგიპირისპირდებოდი, ერთი გამარჯვება კიდევ მჭირდებოდა და ამ აზრს პატივს ვცემ, მაგრამ კიდევ ერთ ბრძოლას როდესაც მოვიგებ, ამის შემდეგ უკვე ვეღარსად გამექცევი.
რაც შეეხება პრატესს, კარლოსი აცხადებდა, რომ UFC-ის ხელმძღვანელებს მისთვის ჩემთან ჩხუბი არასოდეს შეუთავაზებიათ და რომც შეეთავაზებინათ, პირველივე რაუნდში დამანოკაუტებდა. ხომ ასე ფიქრობს? მზად ვარ ვეჩხუბო და გავარკვიოთ უძლიერესი კონტენდერი. ჩვენ ხომ ორივეს ქამარი გვსურს, მე კი ძლიერი ბრძოლა და ძლიერი მეტოქე მჭირდება.
იმ შემთხვევაში, თუ მახაჩევს იოლი მოწინააღმდეგე სურს და პრატესს დაუპირისპირდება, მაშინ მე მეტოქედ ამ დივიზიონის მთავარი ბოსი, შავკატ რახმონოვი შემირჩიეთ. რაც შეეხება იან მაჩადო გარის, ჯანდაბაშიც წასულა, მასთან ჩხუბი არაფერში მჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მაიკლ მორალესს ჩხუბის გამართვა იან მაჩადო გარიმ შესთავაზა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ტიტულისთვის ბრძოლაში ისლამ მახაჩევთან დამარცხდა და ახლა სურს დივიზიონის ერთ-ერთი კონტენდერის ძლევით, დაკარგული სტატუსი დაიბრუნოს, თუმცა როგორც ჩანს, მორალესს ირლანდიელთან შეხვედრა დროის კარგვად მიაჩნია.