ილია თოფურია
Aa
Aa

„ქვეყნის პირველ პირს შევხვდები“ | რაზე ოცნებობს ილია თოფურია?

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ილია თოფურია პოპულარული იუმორისტული გადაცემის, El Hormiguero-ს სტუმარი იყო. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ დღეს, 27 თებერვალს ესპანეთის მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს შეხვდება და დასძინა, რომ მასთან ერთი თხოვნა აქვს.

„ისტორია დავწერეთ და ახლა დროა, ლეგენდა შევქმნათ. ერთი მწვერვალის უმაღლეს წერტილს მივაღწიე, მაგრამ ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და სხვა მწვერვალების დაპყრობას ვგეგმავ. ვოლკანოვსკისთან ჩხუბის წინა ღამეს ბავშვივით მეძინა. უდიდეს სიამაყეს მაძლევს ის ფაქტი, რომ ალექსის მსგავსი მებრძოლი დავამარცხე და ის ღირსეული ჩემპიონი იყო.

ჩემი ოცნება? ჩემი ოცნება ესპანეთის მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებაა. ხვალ, პედრო სანჩესს (ესპანეთის პრემიერ-მინისტრი) შევხვდები და ვთხოვ, იქნებ შეუძლია რამით დამეხმაროს. 2024 წელს უდიდეს პროგრესს მივაღწიეთ და UFC-ის ღონისძიების სანტიაგო ბერნაბეუზე გამართვა გარდაუვალია“.

შეგახსენებთ, ვოლკანოვსკის დანოკაუტების შემდეგ თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

ცნობისთვის, თოფურიას ესპანეთის მოქალაქეობა არ აქვს და ამაზე რამდენიმე დღის წინ, თავადაც ისაუბრა. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევლოევი თოფურიას: არ გინდა დაუმარცხებელ მებრძოლს ეჩხუბო?
ევლოევი თოფურიას: არ გინდა დაუმარცხებელ მებრძოლს ეჩხუბო?