გიგი ალანია, იკა სულამანიძე, უტა ფონიავა
Aa
Aa

2 ოქრო და 1 ვერცხლი - საქართველოს წარმატება სპორტულ კარატეში

თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტული კარატეს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველომ, ისტორიაში პირველად, სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა და 49 ქვეყანას შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

საქართველოს პირველი ოქრო 52 კგ წონით კატეგორიაში გიგი ალანიამ მოუტანა, რომელმაც უკრაინელ მაქსიმ ვიეჩკანოვს სძლია. კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და იუნიორებს შორის -68 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული დაიცვა უტა ფონიავამ, ქართველმა კარატისტმა თურქი მუსტაფა ოგრაგლი დაამარცხა.

21-წლამდელთა შორის - 67 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დასჯერდა იკა სულამანიძე, რომელიც ფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელ ბეხირ გრაბუსთან დამარცხდა.

ევროპის ჩემპიონატს ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი არაბული.

შეგახსენებთ, რომ სპორტულ კარატეში კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატში 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა, საქართველოს ღირსებას კი 26 კარატისტი იცავდა.

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები