აკაკი ჯაფარიძე
Aa
Aa

„მომხდარზე საქმე აღიძრა“ - ბოლო ცნობები ჯაფარიძისა და კაველიუსის ინციდენტზე

ძიუდოში, გერმანიის ბუნდესლიგაში აკაკი ჯაფარიძის და ტიმო კაველიუსის ინციდენტის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გავლენიანი გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, ქართველი ძიუდოისტის მიმართ კაველიუსის სარჩელის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ინფორმაცია Bild-ს ლაიფციგის პოლიციის სპიკერმა, მორიც პეტერსმა დაუდასტურა, რომელიც ამბობს - „დაზარალებულმა საჩივარი შეიტანა, გამოძიება სხეულის დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.“

ბრძოლის დასრულების შემდეგ, კაველიუსის მხრიდან პროვოკაციული ჟესტის შემდეგ, ჯაფარიძე მეტოქეს ფიზიკურად გაუსწორდა. 24 წლის ძიუდოისტმა გერმანელს სახის არეში დარტყმა სამჯერ მიაყენა. შედეგად, კაველიუსს ყბა ორ ადგილას მოტყდა და ორი კბილი დაკარგა. Bild-ის ინფორმაციით, კაველიუსს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და კლინიკა უკვე დატოვა. მას მოტეხილი ადგილები ორი ფირფიტით დაუფიქსირეს.

იურიდიული შედეგების გარდა, გერმანიის ძიუდოს ფედერაციამ სპორტული კუთხითაც მკაცრი ზომების მიღება დააანონსა.

„ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას, ევროპის ძიუდოს კავშირსა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციას მომხდარის შესახებ ინციდენტის დღესვე ეცნობათ“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში. არ არის გამორიცხული სპორტსმენს ხანგრძლივი ან თუნდაც სამუდამო დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ.

Bild-ი ასევე წერს, რომ კაველიუსისთვის ეს დიდი დარტყმაა, რადგან მისი სეზონი ფაქტობრივად დასრულებულია. გერმანელი ძიუდოისტი ტრავმის გამო, დიდი ალბათობით, ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში ბაქოში გაიმართება. ასევე, საფრთხეშია ოლიმპიადის კვალიფიკაციაც.

„ამჟამინდელი მდგომარეობით, ტიმო დიდი ხნით იუქმებს და წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს. ჩვენი ათლეტისთვის ეს დანაკლისი განსაკუთრებით მტკივნეულია მიმდინარე ოლიმპიური საკვალიფიკაციო ეტაპის ფონზე“, - აღნიშნულია გერმანიის ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

ფედერაციის გარდა, კაველიუსს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს „ლაიფციგის“ ძიუდოს კლუბიც.

„ძალადობას ჩვენს სპორტში ადგილი არ აქვს. ჩვენ, როგორც ძიუდოისტები, მხარს ვუჭერთ პატივისცემას, ტოლერანტობას, სამართლიანობასა და ურთიერთგაგებას“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აკაკი ჯაფარიძემ გერმანია უკვე დატოვა და ამჟამად საქართველოში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყბა მოტეხა და ორი კბილი ჩაუმტვრია - ქართველ ძიუდოისტს სამუდამო დისკვალიფიკაცი ემუქრება
ყბა მოტეხა და ორი კბილი ჩაუმტვრია - ქართველ ძიუდოისტს სამუდამო დისკვალიფიკაცი ემუქრება