„მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია“ - სულამანიძე ლოზანას გრანდ სლემის მოგების შემდეგ
-100 კგ. წონით კატეგორიაში, ლოზანას გრანდ სლემის ჩემპიონობის შემდეგ ილია სულამანიძემ თავისი ასპარეზობა IJF-ის ოფიციალურ გვერდთან შეაფასა.
რას ამბობს სულამანიძე:
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ძალიან გახარებული ვარ ამ ოქროს მედლის გამო. ეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის გეგმის ნაწილია და ძალიან მიხარია, რომ ჩემპიონობა შევძელი.
ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის გავდივართ მომზადებას, არ ჰქონდა მნიშვნელობა ოქროს მოვიგებდი, ვერცხლს, ბრინჯაოს, თუ საერთოდ პოდიუმს მიღმა დავრჩებოდი. ის ხუთივე ბრძოლა, რომელიც ტურნირზე მქონდა, ჩემთვის შესანიშნავი იყო.
ლოზანა ბრწყინვალე ქალაქია, შვეიცარია კი ბრწყინვალე ქვეყანა. ძალიან მომწონს აქაურობა, გარკვეულწილად საქართველოსაც მაგონებს - ბუნებით, ხეებით, ტბებით… ძალიან ლამაზია. ატმოსფერო კი შესანიშნავი იყო… პარიზის გრანდ სლემის ატმოსფეროს მივამსგავსებდი…
შემდეგი გაჩერება მსოფლიო ჩემპიონატია და მიზანი აუცილებლად ოქროს მედალი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 4-11 ოქტომბრის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართება.