დადასტურდა - ზამთარში "ბარსა" მინიმუმ 2 მოთამაშეს შეიძენს
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბარსელონა" აქტიურობას გეგმავს. უკვე გადაწყვეტილია, რომ გუნდს რამდენიმე მოთამაშე დატოვებს და კლუბი მათ შემცვლელებს შეიძენს.
კატალონიურმა Sport-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ბლაუგრანა" იანვარში აუცილებლად შეიძენს მინიმუმ 2 მოთამაშეს. ცენტრალური მცველი და ფორვარდი - ეს ის პოზიციებია, რომელსაც კლუბი აუცილებლად გააძლიერებს.
პრესაში აქტიურად იწერება, რომ "ბარსა" კოუტინიოს შეძენას ამჯერად მოახერხებს და შეტევაში შექმნილ პრობლემებს მოაგვარებს.
კატალონიელები ინტერესს "ლიონის" ლიდერის ნაბილ ფეკირის მიმართაც იჩენენ, რომელიც ჩინებულ სეზონს ატარებს და მისი შეძენა წამყვან ევროპულ გუნდებსაც სურთ.
"ბარსას" ასევე აქტიურად უკავშირებენ "შალკეს" გერმანელ ნახევარმცველ ლეონ გორეცკასაც, რომელიც ბუნდესნაკრების შემადგენლობაში თავს ნელ-ნელა იმკვიდრებს.
დღევანდელი ინფორმაციით, "ბლაუგრანამ" "პალმეირასის" კოლუმბიელი ცენტრალური მცველის იერი მინას ზამთარში დამატებაზე უარი თქვა და მას ზაფხულში გაიფორმებენ.
კატალონიელები დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად კალიდუ კულიბალის ("ნაპოლი"), მატიის დე ლიხტის ("აიაქსი") და მილან შკრინიარის ("ინტერი") კანდიდატურებს განიხილავენ.