„ლუზერები ხართ“ - რატომ დამალა ნეაპოლურმა მედიამ დე ლაურენტისის მიმართვა?
აურელიო დე ლაურენტისი თავისი უცნაური დამოკიდებულებებით ისედაც ცნობილია. „ნაპოლის“ პრეზიდენტის საქმისადმი ხისტი მიდგომა ახალი არავისთვის არის.
ამჯერად დე ლაურენტისმა ნეაპოლელებს „ლუზერები“ (დამარცხებულის მენტალიტეტის მქონე) უწოდა.
გასულ ზაფხულს, როცა პრეზიდენტმა გუნდის თითქმის ყველა ლიდერი გაყიდა და სანაცვლოდ უცნობი მოთამაშეები გაიფორმა, რომლებიც საკმაოდ დაბალ ფასში დაიმატეს, კლუბის ულტრასების მხრიდან ამას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რის შემდეგაც გარკვეული დროით დე ლაურენტისი ქუჩაში დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
საბოლოოდ, პრეზიდენტი გადარჩა, რადგან კვარაცხელიასა და კიმის ტრანსფერებმა ზედმეტად გაამართლა, გუნდმა კი ისტორიული სკუდეტო მოიგო.
ამჯერად, ლუჩანო სპალეტისთვის ნაპოლის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონიაზე, დე ლაურენტისი სიტყვით გამოვიდა და ნეაპოლელებს „ლუზერები“ უწოდა. იმიტომ, რომ ისინი არასდროს არიან ბედნიერები.
პრეზიდენტის ეს სიტყვები არცერთ ნეაპოლურ გამოცემას არ გამოუქვეყნებია, რაც მარტივად მიუთითებს იმაზე, რომ ყველა ადგილობრივი გამოცემა მიკერძოებულია და დე ლაურენტისის „ჯიბის გაზეთებად“ არიან ქცეულნი.
#Napoli, #DeLaurentiis choc: 'I napoletani sono perdenti perché non sono mai contenti...' https://t.co/R2WvXv60ko
— calciomercato.com (@cmdotcom) December 8, 2023
ამ დღეებში კი პრეზიდენტი კლუბის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა. როგორც დაიწერა, ის ძალიან ღელავს და ეშინია, რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიღმა არ დარჩეს. დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ბონუსებს დაჰპირდა, თუ „ბრაგასთან“ სასურველ შედეგს დააფიქსირებენ და ჯგფურ ეტაპს დაძლევენ.
დე ლაურენტისის ძუნწი მიდგომები საბოლოოდ გუნდის შედეგებზე პირდაპირ აისახა. ამჟამად რაც „ნაპოლის“ თავს ხდება, თავიდან ბოლომდე პრეზიდენტის ერთპიროვნული და მცდარი გადაწყვეტილებების დამსახურებაა.