გიორგი ქინქლაძე, ფრენსის ლი
Aa
Aa

ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები - ქინქლაძე ფრენსის ლის დაემშვიდობა

„მან. სიტის’’ ლეგენდარული ფეხბურთელი ფრენსის ლი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის მართველი საბჭოს ხელმძღვანელი იყო (1994-98), მისი ჩართულობით გიორგი ქინქლაძე თბილისის „დინამოდან’’ „მან. სიტიში’’ 3 მილიონ ევროდ გადავიდა. 2007 წლამდე „ქალაქელების’’ ისტორიაში სარეკორდო სატრანსფერო თანხა იყო.

„ქალაქელების’’ ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის ქართველი ლეგენდის, გიორგი ქინქლაძის სიტყვები გამოქვეყნდა. ქინქლაძე ფრენსის ლის ოჯახსა და მის ქომაგებს უსამძიმრებს. ასევე, მის მიმართ მადლიერებას გამოხატავს და აღნიშნავს, რომ ყოველთვის ემახსოვრება.

გიორგი ქინქლაძე:„ძალიან დამწუხრებული ვარ ფრენსის ლის გარდაცვალების გამო. თანავუგრძნობ მის ოჯახსა და „მან. სიტის’’ ქომაგებს.

საოცარი პიროვნება იყო არა მხოლოდ ფეხბურთის კუთხით, არამედ ფეხბურთის მიღმა, ცხოვრებაშიც. მის შვილებს გამძლეობას ვუსურვებ. მამით უნდა ამაყობდნენ, მისი როლი ჯერ კიდევ არაა სათანადოდ დაფასებული.

როცა მანჩესტერში ჩამოვედი, ჩემს მიმართ დიდი ყურადღება გამოხატა. მახსოვს, თავის სახლში სადილზე დამპატიჟა, ეს პრეზიდენტის მხრიდან ცოტა უცნაური ჟესტი იყო, მაგრამ თავისი ქმედებებით გვაგრძნობინებდა, რომ მისი და მისი კლუბის ოჯახის წევრები ვიყავით.

მას განსაკუთრებული იუმორის გრძნობა ჰქონდა, საინტერესო მოსაუბრე იყო. და ბოლოს, ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მახსოვს მისი სიტყვები, „საუთჰემპტონთან’’ მატჩის შემდეგ მითხრა: „ათწლეულებია ინგლისში ვარ და არასდროს მინახავს ქომაგები ასე დიდი ხანი გამოხატავდნენ ოვაციებს''.

ყოველთვის მემახსოვრები და ყოველთვის შენი მადლიერი ვიქნები’’.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები