„მამარდაშვილზე შემოთავაზებები გვქონდა, მაგრამ...“ - ვალენსიას დირექტორი
„ვალენსიას“ სპორტულმა დირექტორმა, Paterna Sports City-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდის ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მისამართით არაერთი შემოთავაზება იყო, თუმცა, კლუბმა ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა.
რას ამბობს მიგელ ანხელ კორონა:
ზაფხულში გარკვეულწილად კლუბის ეკონომიკის დაბალანსება მოხდა. ზოგადად, ბაზრის დროს ყოველთვის ხდება გარკვეული სახის ინვესტიცია, რომელსაც ახლავს როგორც დანაკარგები, ისე შემოსავლებიც. სატრანსფერო ფანჯრის დროს იყო შემოთავაზებები მამარდაშვილზე, დიახაბიზე, ტიერიზე... მაგრამ ყველა მათგანის გაყიდვით კლუბის ფინანსები არ დაბალანსდებოდა. ზოგჯერ, ბაზარი ისე იცვლება, რომ ფეხბურთელის გაყიდვაზე უარის თქმა შესაძლოა სწორი ინვესტირება იყოს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი გასულ ზაფხულს რამდენიმე ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, მათ შორის მიუნხენის „ბაიერნს“, ლონდონის „ჩელსის“ და „ინტერს“, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, რომ 22 წლის ქართველი მეკარე კვლავ „ვალენსიაში“ დარჩა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მამარდამ „ღამურების“ შემადგენლობაში 4 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა. ამ დროისთვის, „ვალენსია“ 6 ქულით სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს.