Crystalbet ეროვნული ლიგა | დილამ შუქურა გაანადგურა, დინამო თელავთან მარცხს გადაურჩა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტური, ორი მატჩით გაიხსნა. გორის „დილა“ „შუქურას“ დაუპირისპირდა, „დინამო თბილისი“ – „თელავს“. შეხვედრები ძალიან საინტერესო გამოდგა და „დილამ“ 5:1 მოიგო, „დინამო თბილისი“ კი წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა და ქულას დასჯერდა - 2:2.
„დილა“ „შუქურასთან“ მე-4 წუთზე დაწინაურდა და გიორგი გაფრინდაშვილის ლამაზი გოლით გახსნა ანგარიში. 5 წუთში, გორელთა უპირატესობა ორბურთიანი გახდა, თავი ჟან ვიქტორმა გამოიჩინა. 35-ე წუთზე, ლაშა კვარაცხელიამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „დილამ“ პირველი ტაიმი 3:0 მოიგო. 64-ე წუთზე, მიკოლა კოვტალიუკის ჯერი დადგა, რომელმაც მეორე სართულზე ბრწყინვალედ იმოქმედა და თავით გაიტანა. მე-80 წუთზე, „შუქურამ“ პრესტიჟის გოლი შეაგდო. მისი ავტორი გიორგი გოგოლაშვილია, 86-ე წუთზე კი კოვტალიუკმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო თბილისი“ მარცხთან ძალიან ახლოს იყო. „თელავი“ 2-ჯერ იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მე-20 წუთზე, ჟონელ დეზირემ ირაკლი რუხაძის გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. 29-ე წუთზე, გიორგი ხარაიშვილმა თერთმეტმეტრიანით წონასწორობა აღადგინა. 58-ე წუთზე, რუხაძემ საოცარი გოლი შეაგდო და „თელავი“ დააწინაურა. 82-ე წუთზე, მას მუსა-ბაბა სანგარემ ლამაზი გოლით უპასუხა. „თელავს“ სამი ქულის აღება ბოლო წამებზე შეეძლო, მაგრამ ჯეფერსონ ჯერალდომ პენალტი გააფუჭა.
ამრიგად, „დილას“ 40 ქულა მოუგროვდა და ლიდერების სამეულს მიუახლოვდა, „შუქურას“ 7 ქულა დარჩა. „თელავი“ 21 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, „დინამო თბილისი“ კი 41 ქულით მეორეა.