დავით ვოლკოვი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქვილითაია, ლაშა დვალი, ლუკა გადრანი
Aa
Aa

ლეხი კონფერენს ლიგას გამოეთიშა - ქართველი ლეგიონერების წარუმატებელი მატჩები

UEFA-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხი“ სლოვაკურ ტრნავის „სპარტაკთან“ დამარცხდა და ევროტურნირს დაემშვიდობა. პირველი მატჩი „ლეხმა“ შინ 2:1 მოიგო, საპასუხო შეხვედრაში „სპარტაკმა“ 3:1 გაიმარჯვა და ფლეიო-ოფში გავიდა. სლოვაკეთში გამართულ შეხვედრაში ნიკა კვეკვესკირს არ უთამაშია, სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

პოლონური კლუბის მსგავსად კონფერენს ლიგას ლუკა გადრანის „აქტობეც“ გამოეთიშა. ყაზახური კლუბი შინ რუმინულ „სეპსისთან“ 0:1 დამარცხდა (პირველი მატჩი:1:1). ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გავიდა. „აქტობეს“ ქართველი ცენტრალური მცველი ლუკა გადრანი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში 67-ე წუთზე ჩაერთო.

ბელგრადის „პარტიზანმა“ შინ აზერბაიჯანული „საბაჰი“ 3:0 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში დავით ვოლკოვმა ითამაშა, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს. ორი მატჩის ჯამში სერბულმა გუნდმა 3:2 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის აპოელ-მა ორმატჩიან დაპირისპირებაში გორის „დილა“ 3:0 დაამარცხა. კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში კვიპროსული კლუბის მეტოქე ბელგიური „გენტია’’. ქვილითაია ბელგიურ კლუბში 2018-20 წლებში თამაშობდა, თუმცა ტრავმების გამო გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

ქართველი ლეგიონერებიდან კონფერენს ლიგის ფლეი-ოფში მხოლოდ ლაშა დვალისა და გიორგი ქვილითაიას აპოელ-ი ითამაშებს, პირველი მატჩი ნიქოზიაში 24 აგვისტოს გაიმართა, საპასუხო შეხვედრა - 31 აგვისტოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები