გორის დილა, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

ანდრეი დემჩენკო: „განწყობა პოზიტიურია და ბრძოლისთვის მზად ვართ“

ხვალ, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილა“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ნიქოზიას „აპოელს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა დემჩენკომ:

სტანდარტულად ვემზადებით. ისე, როგორც წინა შეხვედრებში, „ვორსკლასთან“ და „დუნეისკასთან“. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ხვალინდელი მატჩისთვის სრულ მზადყოფნაშია. ერთადერთი, ვინც დაგვაკლდება, ნიკა გაგნიძეა. პოზიტიურ განწყობაზე ვართ. მზად ვართ ბრძოლისთვის.

გასაგებია, რომ მეტოქე თავდაჯერებული იქნება. სერიოზულად ვემზადებით. ყველასთან შეიძლება თამაში „კლაკსვიკის“ მაგალითს შეხედეთ, ჯერ „ფერენცვაროში“ დაამარცხა, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეა. რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით წარმატების მიღწევას.

როდესაც შემდეგ ეტაპებზე გადიხარ, მეტოქეებიც უფრო და უფრო ძლიერები გხვდებიან. ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ჩვენი მიზანი მხოლოდ საკუთარ თავზე კონცენტრირება იქნება. ვიტყვი, რომ ეს გუნდი წინა მეტოქეების დონისაა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელებს, ქვილითაია თითქმის ყოველთვის თამაშობს და დიდი პრაქტიკა აქვს. მას დიდი ხიფათის შექმნა შეუძლია როგორც პოზიციურად, ისე ინდივიდუალურად. დვალს შედარებით ნაკლები პრაქტიკა აქვს, მაგრამ ისიც ძლიერი ფეხბურთელია.

ჩვენ ჩვენი სტილი გვაქვს და ყოველთვის ამის გამოყენებას ვცდილობთ. გვინდა, რომ მეტოქე უბურთოდ იყოს და ჩვენი შანსები შევქმნათ. „აპოელმაც“ ასე ითამაშა „ვიოვოდინასთან“. კარგი მწვრთნელი ჰყავს და ტაქტიკურად საინტერესო სტილი აქვს. შეხვედრის მიმდინარეობისას ბევრ გადაადგილებას ახდენს და თამაშის კარგად მართვა შეუძლია. ამის მიუხედავად, ჩვენი ძლიერი მხარეების გამოყენებას და წარმატების მიღწევას ვეცდებით.

მართლა დიდი დარტყმაა, რომ გორში, ჩვენს სტადიონზე ვერ ვითამაშებთ. იქ განსხვავებული ატმოსფეროა და გულშემატკივრები კარგ გარემოს ქმნიან. იმედი მაქვს, დილას ხელმძღვანელები მალე მოაგვარებენ ამ პრობლემას. თუმცა, საქართველოდან მხოლოდ ჩვენ დავრჩით და შეიძლება ითქვას, რომ ახლა „დინამო არენა“ ჩვენი სტადიონიცაა. პასუხისმგებლობის კარგად გვესმის და იმედი გვაქვს, მოლოდინს გავამართლებთ.

ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა პირველი თამაში გასვლაზე ყოფილიყო, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. ჯერ აქ ვეცდებით გამარჯვებას, შემდეგ კი კვიპროსში საბოლოო მიზნის მიღწევას ადვილი თამაში არც აქ და არც კვიპროსში იქნება. ის ტემპერატურა შესაძლოა 40 გრადუსსაც გადასცდეს, მაგრამ ამის წინააღმდეგ ვერაფერს ვიზამთ.

ქართველებთან ერთად პირველად უკრაინაში ვითამაშე და ბევრ ფეხბურთელს ვიცნობ. ვფიქრობ, ქართველი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან, თუმცა ცოტაოდენი დისციპლინა სჭირდებათ. მგონია, რომ ამის ხარჯზე მიაღწევენ ისინი საბოლოო წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილასა“ და „აპოელის“ შეხვედრა „დინამო არენაზე“ 10 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი ნიქოზიაში 17 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეით ჩაქირი უხელმძღვანელებს
სფფ-ის სამსაჯო განყოფილებას ჯუნეით ჩაქირი უხელმძღვანელებს