გორის დილა, აპოელი
Aa
Aa

„დილა ძლიერი გუნდია და რთული მატჩი იქნება“ - აპოელის მწვრთნელი

ხვალ, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-3 მატჩში, გორის „დილა“ თბილისში, „დინამო არენაზე“ ნიქოზიას „აპოელს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე, კვიპროსული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რიკარდო სა პინტომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა პინტომ:

მეტოქე შესახებ ბევრი რამ ვიცით. საშინაო კედლებში კარგად თამაშობს და ორრაუნდიან დაპირისპირებებში აქცენტს სწორედ ამაზე აკეთებს. რთულ შეხვედრას ველით. მეტოქეს პატივს ვცემთ, მაგრამ ამბიციურები ვართ და გამარჯვება გვინდა. თუ არ გამოგვივა, გავიგებთ, რადგან პირველი თამაში იქნება და საკუთარ მოედანზე ვეცდებით მიზნის მიღწევას.

ლაშა დვალი და გიორგი ქვილითაია ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. ვიცით, რომ ისინი საქართველოს ნაკრებში თამაშობენ, ჩვენთან კი წამყვან ფეხბურთელებად ითვლებიან. სამშობლოში თამაში მათთვის დამატებითი მოტივაცია იქნება, თუმცა ემოციებს არ უნდა აჰყვნენ. მათი, ისევე როგორც ყველა ფეხბურთელის დავალება იქნება, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გაიმარჯვონ.

„დილა“ ნამდვილად ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც ყველა პოზიციაზე ძლიერი მოთამაშე ჰყავს, განსაკუთრებით ბრაზილიელებს გამოვყოფ, ასევე გეილის და გომისს. ძალიან ტექნიკურები არიან, რომლებიც სივრცეებს კარგად იყენებენ. შესაბამისად, ამის შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ. სტანდარტულებიდანაც კარგად მოქმედებენ და ესეც საფრთხეა. კარგი გუნდია კარგი ფილოსოფიით. მზად უნდა ვიყოთ და უფრო აგრესიულად და კარგად უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე წინა შეხვედრაში. უფრო ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.

რთული სათქმელია რას მათთვის მისაღები შედეგის პროგნოზირება. ისინი ამჯერადაც სახლში დადებითი შედეგის მიღწევას ეცდებიან, თუმცა საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ გამარჯვებულის ბედი კვიპროსში გაირკვევა.

ხვალინდელ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან „აპოელის კაპიტანმა, გეორგიოს ეფრემმაც ისაუბრა:

„აპოელი“ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვიდა. ვიცით, რომ, რთული მეტოქე გვყავს და გვინდა, რომ კარგი მატჩი ვაჩვენოთ, გავიმარჯვოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, რათა ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

წინა მატჩში სათადარიგოთა სკამზე ვიყავი, ყოველთვის ისე ვიქცევი, როგორც მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლის, რადგან მან უკეთ იცის, თუ რა შემთხვევაში ვიქნები ურო ეფექტური“, - აღნიშნა ეფრემმა.

შეგახსენებთ, რომ გორის „დილასა“ და „აპოეილს“ შეხვედრა 10 აგვისტოს, „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება, საპასუხო მატჩი კი ნიქოზიაში 17 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები