"ბარსელონამ" შესაძლოა პრემიერლიგაში, ან სერია A-ში ითამაშოს!
პირველ ოქტომბერს, ბარსელონაში რეფერენდუმი ჩატარდება, რომელიც დაადგენს, თუ მოსახლეობის რამდენ პროცენტს სურს დამოუკიდებლობა.
კატალონიის რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაში "ბარსამ" შესაძლოა ლა ლიგაში ვეღარ ითამაშოს.
როგორც The Sun-ი წერს, "ბლაუგრანას" სრული უფლება აქვს, რომ ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონატი აირჩიოს და ასპარეზობა იქ გააგრძელოს. კატალონიის სპორტის მინისტრმა ჟერარ ფიუერასმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"იმ შემთხვევაში, თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, კატალონიური კლუბები "ბარსელონა", "ესპანიოლი" და "ჟირონა" თავად გადაწყვეტენ, თუ სად ითამაშონ. იქნება ეს ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი ან თუნდაც ინგლისი. ლა ლიგაში ახლაც თამაშობენ გუნდები, რომლებიც სხვა ქვეყნებს წარმოადგენენ, მაგალითად ანდორის კლუბები, რომლებიც ფეხბურთში და კალათბურთში ასპარეზობენ. უელსური გუნდები ინგლისის პემიერლიგაში და "მონაკო" საფრანგეთის ლიგა 1-ში. არამგონია, რომ UEFA ამ აფაქტის წინააღმდეგ წავიდეს." - განაცხადა ფიუერასმა The Sun-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმს არალეგიტიმურად ცნობს ესპანეთის ხელისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიის დამოუკიდებლობაზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.